მარკ რუტე: ამჟამად უკრაინას ძალის პოზიციიდან მოლაპარაკება არ შეუძლია და ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, კონფლიქტის ტრაექტორიის შეცვლით

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნება და გაგრძელება, რათა მან მოსკოვთან შესაძლო მოლაპარაკებების დაწყება ძლიერი პოზიციიდან შეძლოს. მისივე თქმით, „მშვიდობა“ უკრაინის ინტერესების ფასად ხანგრძლივი არ იქნება. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.

მარკ რუტე

გენმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში.

„ჩვენ ყველას გვსურს, ეს ომი დასრულდეს. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს მშვიდობა ხანგრძლივი იყოს. არ ვიცი, როგორ, ან როდის დასრულდება ომი, მაგრამ ვიცი, რომ მშვიდობა არ გაგრძელდება, თუ პუტინი უკრაინაში თავის მიზანს მიაღწევს, მაშინ ის უფრო შორს წავა“, – ხაზგასმით აღნიშნა რუტემ.

მისივე თქმით, თუ შეთანხმების შედეგად რუსეთი და მისი მოკავშირეები თავს უფრო ძლიერად იგრძნობენ, ასეთი მშვიდობა ხანგრძლივი არ იქნება და ეს გლობალური არასტაბილურობისკენ მიმავალი გზაა.

„მშვიდობა შეიძლება გრძელვადიანი იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდას ძალის პოზიციიდან მიუჯდება. ამისათვის მას სჭირდება ჩვენი დახმარება, უფრო და უფრო სწრაფად…

იმედი ვიქონიოთ, რომ რაც შეიძლება მალე მივალთ იმ მომენტამდე, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განხილვის „ფუფუნება“ გვექნება, რადგან ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, ჩვენ ახალ ეტაპზე ვართ. მაგრამ უკრაინა ჯერ არ არის ამ ეტაპზე. ამჟამად უკრაინას ძალის პოზიციიდან მოლაპარაკება არ შეუძლია და ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ამის მისაღწევად, კონფლიქტის ტრაექტორიის შეცვლით“, – აღნიშნა მარკ რუტემ.