„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა. როგორც RMC Sport-ი იტყობინება, დღეს საბოლოო შეთანხმება შედგა და ყველა დეტალი გაირკვა.
კვარაცხელიას ტრანსფერის ფასი 70 მილიონ ევროზე მეტი იქნება და კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
როგორც areanapoli.it-ი იტყობინება, კვარაცხელია „ნაპოლის“ საწვრთნელ ბაზაზე ბოლოჯერ იმყოფებოდა, სადაც თანაგუნდელებთან საკმაოდ ემოციური დამშვიდობება ჰქონდა. წყაროს ცნობით ქართველი ფეხბურთელი პარიზში დღეს გაფრინდება.
„კვარაცხელია ბოლოჯერ იმყოფებოდა საწვრთნელ ბაზაზე, სადაც 2.5 წელი გაატარა. მისი და ანტონიო კონტეს შეხვედრა საკმაოდ ცივი იყო, რადგან იტალიელი სპეციალისტი კვარას მოულოდნელი წასვლით იმედგაცრუებული ჩანდა. რაც შეეხება, თანაგუნდელებთან დამშვიდობებას, ის საკმაოდ ემოციური იყო. ხვიჩას ვარჯიშში მონაწილეობა კუნთების დაჭიმულობის გამო არ მიუღია. საბოლოო ჯამში კვარაცხელია კარგი ბიჭია, თუმცა მან თავისი გადაწყვეტილებით ბევრს გული დასწყვიტა“, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.