დონალდ ტუსკი – რუსეთი საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ავიახაზების წინააღმდეგ დივერსიის მომზადებაში დაადანაშაულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

დონალდ ტუსკი

„ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია – და დეტალებს არ შევეხები, მაგრამ შემიძლია დავადასტურო ამ შეშფოთების მართებულობა. რუსეთის ფედერაცია გეგმავდა საჰაერო ტერორის აქტებს და არა მხოლოდ პოლონეთის წინააღმდეგ“, – თქვა ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციაზე ვარშავაში.

ტუსკის განცხადებით, პოლონეთი საკვანძო როლს თამაშობს ევროპაში დივერსიული აქტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებსაც რუსეთი აწყობს და არა მხოლოდ პოლონეთის ტერიტორიაზე.

ტუსკმა აღნიშნული განცხადება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გააკეთა, რომლის თანახმადაც მოსკოვი ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩრდილოეთ ამერიკაში მიმავალი სატვირთო და სამგზავრო თვითმფრინავებისთვის ცეცხლის წაკიდების მიზნით ოპერაციებს გეგმავდა.