ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანს 17 იანვარს ეწვევა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტია საზღვარგარეთ. მეზობელი აზერბაიჯანი, სადაც კობახიძე ხვალ ჩავა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. განსაკუთრებული თანამშრომლობა ორ ქვეყანას ენერგეტიკულ სექტორში აქვს, რადგან აზერბაიჯანს საკუთარი ენერგორესურსები საზღვარგარეთ საქართველოს გავლით გააქვს. გატარების სანაცვლოდ კი საქართველო ენერგიის ნაწილს ან თანხას იღებს.
ბუნებრივი აირი
აზერბაიჯანი საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელია, რომელიც წინა წლებში ჯამური მოხმარების დაახლოებით 80%-ს აკმაყოფილებს. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის პარვიზ შაჰბაზოვის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში 2.4 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განხორციელდა. ეს 2023 წლის მაჩვენებელს 100 მლნ მ3-ით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოში აზერბაიჯანული გაზის იმპორტი მცირდება. საქსტატის ინფორმაციით, 11 თვეში აზერბაიჯანს საქართველომ ბუნებრივ აირში 217.6 მლნ დოლარი გადაუხდა.
საქართველოზე გამავალი სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან გატარების სანაცვლოდ საქართველო აზერბაიჯანიდან ორი კონტრაქტით იაფად იღებს გაზს. მათგან უმთავრესი „ოფციური“ გაზია. მისი მოცულობა ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მიხედვით ითვლება.
ეს კონტრაქტი საშუალებას იძლევა, შეღავათიან ფასად გატარებული გაზის 5%-მდე იყიდოს ქვეყანამ. დამატებითი გაზის მოცულობა კი ფიქსირებულია, ეს ნიშნავს, რომ მილსადენში გატარებული გაზის მოცულობის მიუხედავად, საქართველო ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრი იღებს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, 2023 წელს ამ მილსადენში რეკორდული მოცულობის 21 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტმა გაზმა გაიარა.
ნავთობი
საქართველოზე გადის ორი მილსადენი, რომლითაც აზერბაიჯანული ნავთობი ევროპულ ბაზრებზე ხვდება. ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები. ბაქო-სუფსა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაჩერებულია, თუმცა ფუნქციურია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით, რომლითაც შარშან 29.6 მლნ ტონა ნავთობი გადაიტანეს.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მსხვილი აქციონერები არიან: ბრიტანული bp (30%), აზერბაიჯანული SOCAR (25%), უნგრული MOL (8,9%), ნორვეგიული Equinor (8,7%), თურქული TPAO (6.5%).
მილსადენი სათავეს იღებს ბაქოს სანგაჩალის ტერმინალიდან, გადის საქართველოს ტერიტორიაზე 6 მუნიციპალიტეტში და სრულდება ჯეიჰანის საზღვაო პორტთან, თურქეთში. ნავთობსადენი სამხრეთ კავკასიის მილსადენის პარალელურად გადის.
სამხრეთ კავკასიის დერეფანში ნავთობსადენების წარმატებული პროექტების განხორციელებამ აზერბაიჯანული შაჰ-დენიზის საბადოს გაზის საექსპორტო მარშრუტის მიმართულებაც განსაზღვრა. ახალი გაზსადენი [სამხრეთ კავკასიური მილსადენი] ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გასწვრივ აშენდა.
ელექტროენეგია
საქართველო აზერბაიჯანიდან ძირითადად დენს ყიდულობს ან თურქეთში ატარებს. 2023 წელს თურქეთში მაღალი ფასის გამო რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიამ გაიარა, საიდანაც საქართველო ფინანსურ სარგებელს იღებს. 2024 წლის 11 თვეში საქართველომ აზერბაიჯანიდან მცირე 57.3 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია იყიდა. რაც შეეხება ტრანზიტს, შარშან 11 თვეში საქართველოს გავლით აზერბაიჯანმა მილიარდ კვტსთ-ზე მეტი ელექტროენერგია გაყიდა თურქეთში.