უნგრეთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან კონსულტაციების შემდეგ უნდა მიიღოს. ამის შესახებ ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა იანოშ ბოკამ განაცხადა, წერს Reuters-ი.
მისი თქმით, უნგრეთს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას.
„ვფიქრობ, ბუნებრივია, რომ სანამ სანქციების კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივებას გადავწყვეტთ, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვკითხოთ, როგორ ხედავენ სანქციების რეჟიმის მომავალს.
უნგრეთის პოზიციის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ჩვენ გვინდა, გადავდოთ ჩვენი გადაწყვეტილება, ვიდრე არ გავიგებთ, როგორ ხედავს აშშ-ის ადმინისტრაცია სანქციების რეჟიმის მომავალს“, – განუცხადა იანოშ ბოკამ ბრიუსელში ჟურნალისტებს.
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების 15 პაკეტი დაამტკიცა და ამჟამად მე-16 პაკეტზე მუშაობს.
ბოკას თქმით, სანქციები, რომელთა გახანგრძლივებაც იგეგმება, ეხება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას.
ევროკავშირი ყოველ ექვს თვეში ერთხელ ანახლებს არსებულ სანქციებს, რაც 27-ვე წევრი ქვეყნის ერთსულოვნებას მოითხოვს.