უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასრულების ან ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა დამოკიდებულია ევროპის მზაობაზე, იყოს უფრო მკაცრი რუსეთის მიმართ. ამის შესახებ მან პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე შესაძლებელია თუ არა ომის 2025 წელს დასრულება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის მსგავს სურვილს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან გრძნობს.
„დარწმუნებული ვარ, რუსეთს ეშინია აშშ-ის, ჩინეთის და გაერთიანებული ევროპის. ევროპას უკრაინის არმიის გარეშე რუსეთის ჯართან გამკლავება არ შეუძლია, რადგან რუსული არმია რიცხოვნობით უფრო დიდია. რუსეთს მეტი იარაღი აქვს, მეტი ხალხი ჰყავს და უფრო სასტკია, ვიდრე ევროპელები,“ – აცხადებს ზელენსკი.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელები ცხოვრობენ დემოკრატიაში და რუსეთისგან განსხვავებით არ იციან რა არის ომი.
„ევროპას, სამწუხაროდ, უკრაინული არმიის გარეშე დღეს რუსეთის წინააღმდეგ არანაირი შანსი არ აქვს. პუტინმა ეს იცის და ამის შესახებ თავის წრეში საუბრობს“, – აცხადებს ზელენსკი.
მან მოუწოდა ევროკავშირს იყოს „სამჯერ უფრო პრაგმატული“ და გაზარდოს იარაღის წარმოება, როგორც უკრაინისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის, რათა „პუტინს გაუსწროს“.