საქართველოში, კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-საქართველოს სწავლება 2025 გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იტალიის საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს დასრულდა მოსამზადებელი მეორე ეტაპი და სწავლება 28 აპრილიდან დაიწყება.
„საქართველოში გრძელდება ნატოს აქტივობა კრიზისულ ვითარებაზე რეაგირების უნარების ინტეგრირების კუთხით.
იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო შეხვდა ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის სამხედრო მოსამსახურეთა დელეგაციას, რომელმაც დღეს თბილისში დაასრულა ნატო-საქართველოს სწავლება 2025-ის მოსამზადებელი მეორე ეტაპი.
სწავლება 28 აპრილიდან 8 მაისამდე კრწანისის ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართება.
სწავლების მიზანია, წარმოაჩინოს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შესაძლებლობები და გამოცადოს ბრიგადა, რომელიც მეტწილად ქართველი და ნაწილობრივ საერთაშორისო სამხედრო პერსონალისგან შედგება.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მონაწილეობა უკვე დაადასტურეს, არიან: აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, თურქეთი და აშშ. სომხეთი დამკვირვებლად იქნება წარმოდგენილი.
სწავლებას, რომელიც პირველად 2016 წელს ჩატარდა და ახლა მეოთხედ გაიმართება, უხელმძღვანელებს იტალიის შეიარაღებული ძალების ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის ფლორენციის სარდლობა, რომელიც ახლახან ნატოს მრავალეროვნული დივიზია-სამხრეთის ხელმძღვანელად დაინიშნა“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.