„შეიძლება, სოჭში აღმოჩნდეს“ – “ვადაგასული” დავოსში შეხვედრის შესახებ ფიცოს წინადადებას გამოეხმაურა და სლოვაკეთის პრემიერს ეუზრდელა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს სურს, დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. კიევში ამ იდეას სკეპტიკურად გამოეხმაურნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი და რობერტ ფიცო

უკრაინის პრეზიდენტის კომუნიკაციების მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ზელენსკიმ უკვე გააკეთა კომენტარი სლოვაკეთის პრემიერის წინადადებაზე Bloomberg News-თან ინტერვიუში, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ლიტვინის თქმით, ზელენსკიმ თქვა, რომ რობერტ ფიცოსთან დაკავშირებით ვერაფერს გეგმავს, რადგან ის „შეიძლება დავოსში წავიდეს, მაგრამ სადღაც სოჭში [რუსეთის ზღვისპირა საკურორტო ქალაქში] აღმოჩნდეს“.

„ჩვენ არ ვიცით, ვინ ყიდულობს მის ბილეთებს, რადგან ის მუდმივად ცდება დანიშნულების ადგილს“, – ციტირებს ლიტვინი ზელენსკის სიტყვებს.

შეგახსენებთ, უკრაინასა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2025 წლის 1-ელი იანვრიდან უკრაინამ თავისი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა.  

ცოტა ხნის წინ ფიცომ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული ვიდეოთი ზელენსკი გაზის ტრანზიტის განსახილველად სლოვაკეთში მიიწვია. ამის საპასუხოდ ზელენსკიმ ფიცოს შესთავაზა, კიევში 17 იანვარს ჩასულიყო.

ფიცომ ახალი განცხადება გაავრცელა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ზელენსკის შეხვდება.