100-წლიანი პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო ბაზები განათავსოს

უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ გაფორმებული დეკლარაცია უკრაინაში ბრიტანული სამხედრო ბაზების განთავსების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

დროშები

დეკლარაციაში, რომელიც გასულ კვირას 100-წლიანი პარტნიორობის შეთანხმებასთან ერთად გაფორმდა, ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინასთან ერთად იმუშავებს საერთო სამხედრო საჭიროებების განსაზღვრაზე და ითანამშრომლებს იმ შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიების სპექტრის გაფართოებაზე, რომელთა წარმოებაც ორ ქვეყანას შეუძლია.

„მონაწილეები განიხილავენ უკრაინაში თავდაცვის ინფრასტრუქტურის განთავსებისა და შენარჩუნების ვარიანტებს, მათ შორის სამხედრო ბაზებს, ლოგისტიკურ საცავებს, სარეზერვო სამხედრო აღჭურვილობის საწყობებსა და სამხედრო რეზერვის მარაგს. ეს ობიექტები შეიძლება გამოიყენებოდეს ორივე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანი სამხედრო საფრთხის შემთხვევაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

უკრაინული მედიის ცნობით, ამჟამად ეს საკითხი თეორიულ დონეზე განიხილება და პოტენციური სამხედრო ბაზების განთავსების ფორმატი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე ღიად რჩება საკითხი, თუ როგორ შეესაბამება ეს განზრახვა უკრაინის კონსტიტუციის მე-17 მუხლს, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზების განთავსება დაუშვებელია.

100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაცია პოლიტიკურად პოზიციონირდება, როგორც 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ ძირითადი შეთანხმების ნაწილი, მაგრამ იურიდიულად ეს დოკუმენტი არ არის დაკავშირებული და არ ექვემდებარება რატიფიცირებას შეთანხმებასთან ერთად.