დაგვრჩა, უფრო სწორად ხელისუფლებას დარჩა ერთადერთი იმედი ტრამპი და იმანაც თუ უმუხთლა, რას მივიღებთ?

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ტრამპის ვითომ ხუმრობით გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, აშშ-ი, „დიდი შვიდეულის“ წევრ, მეზობელ კანადასაც არ თვლის დამოუკიდებლად და მის ჯერ-ჯერობით პრემიერ-მინისტრ ტრიუდოს სთავაზობს აშშ-თან 51-ე შტატად მიერთებას; პანამას ეუბნება, რომ აშშ-ა უნდა დაიბრუნოს არა მარტო პანამის არხის კონტროლი, არამედ ქვეყნის; დანიას ეუბნება  — გრენლანდია მომყიდეო და დამფრთხალი დანიაც შველის სათხოვნად აქეთ-იქით იყურება, თუმცა უიმედოდ, ვინაიდან დიდმა და ძლიერმა აშშ-ა თუ სერიოზულად გაიწია, ვინ დაუდგება გვერდში დანიას?

ტრამპი, ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება პრეზიდენტობას, მაგრამ მანამდე ნიადაგს სინჯავს სურვილების რეალობად ქცევისთვის. ასე იცის დემოკრატიამ — ყბადაღებულმა და განუხორციელებელმა თანამედროვე ცხოვრებაში. დღევანდელი დემოკრატია არის ძალა, სხვათაშორის ისტორიიდან ვიცი — გუშინდელი და გუშინწინდელიც ასეთი იყო. დასკვნა — ვისაც ძალა აქვს, ის არის დემოკრატი. მას მოაქვს დემოკრატიაც და სუვერენიტეტიც სხვისთვის და თუ მის მიერ ნაბოძებ, მისეულ დემოკრატიას არ იბოძებ, დაგსჯის.

ასე რომ, ამერიკელი კანონმდებლის ჯო უილსონის ნათქვამი ზურაბიშვილის კანონიერ პრეზიდენტობაზე სულაც არ არის სახუმარო, როგორც ეს მმართველ „ოცნებას“ ჰგონია. უილსონის ბრძანებას დაემორჩილა ეუთოს თავმჯდომარე და არა ოპოზიციონერ გახარიას რჩევას — არ ჩამოსულიყო თბილისში. ეუთოს თავმჯდომარემ, რომელმაც გადადო თბილისში ვიზიტი, 8 იანვრისთვის დაგეგმილი, ჩათვალა, რომ აქ ამჟამად არ არის ვიზიტისთვის შესაფერისი ვითარება, ვინაიდან მომიტინგეები ციხეში არიან, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პირი არ უჩანს.

დარწმუნებით გეტყვით, რომ ვიზიტის გადაწევამ დაამწუხრა „ოცნება”, რომელიც დიდ იმედებს ამყარებდა მასზე, ვინაიდან ყველას გასაგონად — შინაურისაც და გარეულისაც კიდევ ერთხელ იტყოდა არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებაზე.

დაგვრჩა, უფრო სწორად ხელისუფლებას დარჩა ერთადერთი იმედი ტრამპი და იმანაც თუ უმუხთლა, რას მივიღებთ?

პრეზიდენტყოფილი ზურაბიშვილის მმართველობას თუ „ოცნებისას?!

აი, მაშინ ნახეთ ოპოზიციონერთა ზეიმი, ქუჩების გადაკეტვა, პარალამენტის შენობასთან დაუსრულებელი მიტინგები. აჰყვება ოპოზიციას ხალხი? გამოვა ის ქუჩაში?

ოპოზიციამ ვერ მოახერხა ხალხის მასის გამოყვანა, მიუხედავად არაერთი ტყუილი დაპირებისა, მუქარისა და ა.შ. არ გაამართლა ქუჩების გადაკეტვის მეთოდმაც და საქმეზე ან სახლში მიმავალ თბილისელთა მიტინგისკენ გეზის შეცვლამ.

ოპოზიციამ ვერ მოხიბლა ხალხი, მიუხედავად მედიის სრული გაოპოზიციურებისა. საზოგადოებრივი ტელეარხი და რადიომაუწყებლობაც ოპოზიციონერთა უხეშ ძალას დაექვემდებარა.

ხალხი კი ძველებურად ფეხს არ იცვლის. მას არც არაფრის იმედი აქვს და არც არაფრის სჯერა, მით უმეტეს ოპოზიციის, რომელიც არასდროს დაინტერესებულა ხალხის სოციალური პრობლემებით, ნორმალური ცხოვრების შექმნით, საყოფაცხოვრებო პირობებით, კვების პროდუქტების გაზრდილი ფასებით, ქვეყანაში არსებული უთანასწორობით, ერთი მუჭა მდიდართა და დანარჩენ უპოვართა შორის გაჩენილი უფსკრულით — ყოველდღიურად მზარდით.

უამრავი პარტია, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას ლამობს, მხოლოდ ლოზუნგებით იფარგლება და არა კონკრეტული საქმით. ხალხი ლოზუნგს მიეჩვია, ისე, როგორც მის უკან არსებულ სიცარიელეს. ოპოზიციას არ ჰყავს ავტორიტეტული სახე. ყველა ერთ თარგზეა მოჭრილი — ცუდზე.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი