საჯარო რეესტრის საიტზე განთავსებული დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ კომპანიის 100%-იან წილს უტა ივანიშვილი ფლობს, ხოლო კომპანიის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია.
უტა ივანიშვილის წარმომადგენელი კომპანიის რეგისტრაციისას, ნატო ხაინდრავა იყო, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხაინდრავაზე უტა ივანიშვილის მინდობილობა ნოტარიუსმა ეკატერინე გვანცელაძემ 30 დეკემბერს შეადგინა.
კომპანიის “ნებადართული კაპიტალის” მოცულობა დოკუმენტის თანახმად, 100 მილიონ ლარს შეადგენს, განთავსებული კაპიტალი – 100 000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი – 25 000 ლარს.
“ატუ ჰოლდინგის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არჩილ მამაცაშვილი, როსტომ ჩაბრაძე და ბესიკ დემეტრაშვილი არიან. “რადიო თავისუფლების” ცნობით, ისინი პარტია “ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა მილიარდერ ექსპრემიერს, “ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხო Credit Suisse-თან მის დავასაც.
“ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, “ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, – წერდა სახელმწიფო დეპარტამენტი.
-
რა არის ცნობილი უტა ივანიშვილზე?
უტა ივანიშვილი მილიარდერის უფროსი ვაჟია, თუმცა სხვა შვილებისგან განსხვავებით, ის არასოდეს გამოჩენილა ფართო საზოგადოების წინაშე. ის წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და სწავლობს. მიუხედავად, საქართველოსგან მოშორებით ცხოვრებისა, მისი სახელი ხშირად ჩნდება ქართულ მედიაში, რაც ძირითადად მამის ბიზნესებთან ან პოლიტიკასთან არის კავშირში.
ჯერ კიდევ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან პირველ ჯერზე გადადგომის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოსტს უტა ივანიშვილი დაიკავებდა, მაგრამ ცხადია, ეს ჭორი იყო.
“უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩაბმა ინსცენირებული იყო“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ რუსული “ფორბისთვის“ მიცემულ პირველ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, 2011 წლის 7 ოქტომბრამდე, ანუ მისი პირველი განცხადების გაკეთებამდე სამი დღით ადრე, მან ოჯახთან ერთად გაითამაშა სპექტაკლი, თითქოს, მისი უფროსი შვილი აპირებდა პარიზიდან ჩამოსვლას და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.
“მათ რომ გაეგოთ, რომ მე ამ განცხადების გაკეთებას ვაპირებდი, ამის საშუალებას არ მომცემდნენ, მაშინვე მომკლავდნენ. საჭირო იყო მათ გაეგოთ, რომ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში, ჩემს ადგილს ჩემი შვილი დაიკავებდა. უნდა დაგვერწმუნებინა ისინი, რომ უტა შეძლებდა ოპოზიციის ლიდერად გახდომას. ვინ იყო უტა, აქ არავინ იცოდა. ის ცხოვრობს პარიზში, სწავლობს უნივერსიტეტში. უტა მშვიდია, ბუზს არ აწყენინებს, განსხვავებით ბერასგან. ბერას ისინი კარგად იცნობდნენ. მას ემუქრებოდნენ, თუმცა მას არაფრის ეშინია. მე და ჩემმა მეუღლემ სანდო ხალხის მეშვეობით უტას გადავუგზავნეთ სცენარი, რომლის მიხედვით, ის უნდა მოქცეულიყო ჩემი განცხადებების ანალოგიურად“, – ამბობდა ექსპრემიერი.
ბოლო დროს, სოციალურ ქსელში გაჩნდა სტატუსები, რომ თითქოს ამჟამად მამა შვილს შორის პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირებაა იყო, მაგრამ თუნდაც “ატუ ჰოლდინგის“ დაფუძნებით, ჩანს, რომ ესეც ჭორია.
ოჯახის უახლოესი მეგობარი, რომელიც უტა ივანიშვილს პირადად იცნობს, AMBEBI.GE-ს უტას შესახებ ექსკლუზიურად უყვება:
– რა სისულელეა, არ დაიჯეროთ უტაზე ჭორები, ყველაფერი მასზე რასაც ამბობენ, ტყუილია. ის ერ-ერთი გამორჩეული ივანიშვილია, საფრანგეთში ცხოვრობს, სწავლობს, შრომობს და თავისი საქმეები აქვს.
არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს ოჯახის წევრებთან, მამასთან. ის საქართველოში იშვიათად ჩამოდის, მაგრამ ამისი მიზეზი მამის პოლიტიკაში წასვლა არ არის, იქამდეც იშვიათად ჩამოდიოდა, უტა სულ წასული იყო.
მასზე ამბობენ ხოლმე, მოსკოვში დაიბადაო, ეს რა შუაშია საერთოდ ვერ ვხვდები, იქ დაიბადა, მაგრამ რუსეთში საერთოდ არ უცხოვრია, ყოველთვის საფრანგეთში ცხოვრობდა, ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან, თან მარტო…
უტას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ის საქართველოს და საფრანგეთის მოქალაქეა. უზომოდ კანონმორჩილია, რისთვის უნდა დაასანქცირონ?..
– რამდენიმე წლის წინ ამბობდნენ, რომ მამა მის გაპრემიერებას აპირებდა.
– ტყუილია. რად უნდა თანამდებობა. მას იმხელა პატივს სცემენ, რომ უნდოდეს რა ვერ მოახერხებდა? – იმიტომ კი არა, რომ ივანიშვილია… კარგი იქნებოდა იცნობდნენ საქართველოშიც, ალბათ ამისი დროც მოვა. სხვათა შორის, ძალიან კარგად საუბრობს ქართულად, რუსულად, ინგლისურად, ჩინურად, ფრანგულად და იაპონურად.
www.ambebi.ge