აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინაში ომს დაასრულებს, თანამდებობის დაკავებისთანავე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაუკავშირდება და მასთან შეხვედრას შეათანხმებს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა ვაშინგტონში ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე გამართულ ყრილობაზე განაცხადა.
„მე დავასრულებ ომს უკრაინაში, ქაოსს ახლო აღმოსავლეთში, თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს“, – განაცხადა ტრამპმა.
გარდა ამისა, როგორც გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, „ტრამპმა დაავალა თანაშემწეებს, ინაუგურაციის შემდეგ დაუყოვნებლივ დაურეკონ პუტინს, რათა განიხილონ შეხვედრა უახლოეს თვეებში, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით“.
როგორც ჟურნალისტები წერენ, ტრამპი და მისი გუნდი აპირებენ, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ მუშაობა სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც შესაძლოა, მისი პრეზიდენტობის პირველ თვეებში განხორციელდეს. ეს გეგმა პუტინთან პირად შეხვედრასაც მოიცავს.
გამოცემამ აღნიშნა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის მოლაპარაკებები „პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიდგომისგან მკვეთრ გადახვევას“ წარმოადგენს, რადგან ბაიდენს კრემლის ლიდერთან თითქმის სამი წელია, არ უსაუბრია.
„ტრამპი ყველაფერს სხვანაირად უყურებს. ის ფიქრობს, რომ პუტინთან პირდაპირი კონტაქტები სწორედ ისაა, რაც ომის დასასრულებლად არის საჭირო“, – წერს CNN.
გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ამჟამად უცნობია, გეგმავს თუ არა ტრამპი არსებული სტრატეგიის გაგრძელებას უკრაინის იარაღითა და დაზვერვის მონაცემებით უზრუნველყოფის შესახებ. ტრამპს ასევე არ უსაუბრია, თუ რა უსაფრთხოების გარანტიებს შეიძლება დათანხმდეს კიევისთვის.