„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ მიიღო.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა და საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. მან მოსამართლეს შეღავათის გაწევა სთხოვა, ამასთან დაზარალებულ მეხანძრე – მაშველს, რომელსაც ბუბუტეიშვილის მიერ ნასროლი ქვა მხარში მოხვდა, ბოდიში მოუხადა და მასაც პატიება სთხოვა.

ბუბუტეიშვილის ადვოკატის დალი ბარბაქაძის განცხადებით, მოსამართლემ შემამსუბუქებელი გარემოებები არ გაითვალისწინა, მათ შორის ის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარსულში ნასამართლევი არ არის, ამასთან 21-წელს მიუღწეველი პირია და ასევე ის ფაქტი, რომ ის დანაშაულს აღიარებს.

ადვოკატი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, ფრიდონ ბუბუტეიშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.