ესპანეთის ვიცე-პრემიერის, იოლანდა დიასის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, მილიარდერ ილონ მასკის ჟესტის გამო პლატფორმა X-ს ტოვებს. ამის შესახებ მან TVE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ვიცე-პრემიერის თქმით, გადაწყვეტილება მასკის ნაცისტური ჟესტის გამო მიიღო, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა.
დიასმა თქვა, რომ ამერიკელმა მილიარდერმა სოციალური ქსელი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, რაც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების „პროპაგანდის მანქანად“ აქცია.
„არ ვიქნები სოციალური ქსელის ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს ქსენოფობიურ იდეებს, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და ხელს უწყობს უკიდურეს მემარჯვენეებს მსოფლიოში,” – განაცხადა დიასმა.
ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე გამოსვლისას, მასკის მისალმების ჟესტს გამოხმაურება მოჰყვა. ის ნაცისტურ მისალმებას შეადარეს, თუმცა მასკის განმარტებით, მან მხოლოდ აღტაცება გამოხატა.
„მისალმების ჟესტის კრიტიკა ჩემზე მორიგი თავდასხმის ძალიან ბანალური მეთოდია,“ – აღნიშნა მასკმა.