„მოსკოვს ჯერ არ მიუღია წინადადებები აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ,“ – აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი.
პუტინის წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინის საკითხზე მოსკოვი მზად არის შეერთებულ შტატებთან დიალოგისთვის.
„რუსეთს ჯერ არ მიუღია წინადადებები აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებისგან უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე. მზად ვართ მივიღოთ გარკვეული კონკრეტული წინადადებები, რომლებიც შემდეგ ლიდერების საუბრის საფუძველი გახდება. ამ კონტაქტების დროს ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციებს აშშ-ის შესაძლო მოსაზრებებსა და წინადადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქმიანი იქნება. მზად ვართ სერიოზული დიალოგისთვის“, – აცხადებს უშაკოვი.
ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა. თანამდებობის დაკავების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აპირებს პუტინთან შეხვედრას რაც შეიძლება მალე. მან ასევე თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს „გარიგების დადება სურს“.
„რუსეთი უფრო დიდია – მათ მეტი ჯარისკაცის დაკარგვა შეუძლიათ, მაგრამ ეს არ არის ქვეყნის მართვის გზა. ზელენსკის სურს გარიგების დადება, არ ვიცი, პუტინს სურს, თუ არა… მან უნდა დადოს გარიგება. მე ვფიქრობ, რომ ის ანადგურებს რუსეთს გარიგების არდადებით. ვფიქრობ, რუსეთი დიდ უბედურებაში აღმოჩნდება“, – განაცხადა ტრამპმა.