აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის გამართული საუბარი მსოფლიოს მრავალპოლარულობისა და საყოველთაო კეთილდღეობის საჭიროების საუკეთესო დასტურია. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„ცხადია, აშშ-ის პრეზიდენტის საკმაოდ სახალისო ინაუგურაციის მთავარი კომენტარი რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების დიალოგი იყო, რომელიც გუშინდელი ღონისძიების შემდეგ შედგა. ეს თანამედროვე მსოფლიოს მრავალპოლარულობისა და ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო მტკიცებულება გახდა. კიდევ ერთხელ ყველასთვის ცხადი გახდა, რომ თანამედროვე სამყარო დაინტერესებულია არა „ამერიკის ოქროს ხანით“, როგორც გუშინ ტრამპმა თეატრალურად განაცხადა, არამედ მთელი კაცობრიობის განვითარებითა და კეთილდღეობით, – წერს მედვედევი Telegram არხზე.