„სერიოზული და ელეგანტური“,- ამ სიტყვებით შეაფასა საერთაშორისო მედიამ ინაუგურაციის ცერემონიალზე მელანია ტრამპის ჩაცმულობა.
აშშ-ს პირველმა ლედიმ ამჯერად არჩევანი მუქი ლურჯისა და თეთრი ფერის კომბინაციაზე შეაჩერა. ინაუგურაციის ცერემონიაზე მელანია ტრამპს ამერიკელი დიზაინერის, ადამ ლიპსის ქურთუკი ეცვა. ჩაცმულობას მან ასევე თეთრი დეტალით გაფორმებული, მუქი ლურჯი ფერის ქუდი შეუხამა, რომელიც მისთვის სპეციალურად დიზაინერმა, ერიკ ჯავიტსმა შექმნა. რაც შეეხება ფეხსაცმელს, მელანიას მანოლო ბლანიკის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.
მელანია ტრამპის ჩაცმულობა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. დონალდ ტრამპის მეუღლე ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ პირველ ლედიდ მიიჩნევა.
აღსანიშნავია, რომ სლოვენიის ერთ პატარა ქალაქში გაზრდილი მელანია ყოველთვის დაინტერესებული იყო მოდით. როგორც New York Times წერს, ადრეულ წლებში ის, დედასთან ერთად, სამოსს საკუთარი ხელით ქმნიდა.
„დედაჩემი დიზაინერი ასე რომ, ეს სისხლში მაქვს“, – ამბობს აშშ-ის პირველი ლედი.
ცოტამ თუ იცის ის ფაქტი, რომ ტრამპის პირველი ინაუგურაციის დროს, მელანიას ჩაცმაზე უარი თქვეს ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა, როგორებიც „მოსკინო“, „ტომ ფორდი“ და მარკ ჯეიკობსი არიან. ამის მიზეზი ის იყო, რომ დიზაინერებს ტრამპის მაშინდელი პოლიტიკა და სამოქმედო გეგმები არ მოსწონდათ. ამიტომ არ სურდათ ტრამპების ოჯახთან რაიმე სახით მაინც ყოფილიყვნენ ასოცირებულები.
თუმცა, 2017 წელს, ინაუგურაციის ცერემონიაზე მელანიას ჩაცმულობამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მათ აზრი შეიცვალეს. მელანია ტრამპს რალფ ლაურენის ცისფერი ფერს სამოსი ეცვა, რომლის ღირებულებაც 5 500 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.
თუ წლების განმავლობაში მელანია ტრამპის ჩაცმულობას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ დონალდ ტრამპის მეუღლე ხშირად არჩევანს შავი და თეთრი ფერის კომბინაციაზე აჩერებს და უპირატესობას კლასიკურ სტილს ანიჭებს. რაც შეეხება აქსესუარებს – განსაკუთრებით უყვარს შავი ფერის მზის სათვალის ტარება, ხოლო მისი სამკაულები ყოველთვის დახვეწილი და პატარა ზომისაა.
2017 წლიდან მელანიას მრჩეველი, ბრენდის – „კაროლინა ჰერერა“ ყოფილი კრეატიული დირექტორი, ჰერვი პიერია. აღსანიშნავია, რომ პიერს აშშ-ს პირველ ლედებთან წარსულშიც არაერთხელ უთანამშრომლია, მათ შორის ბარბარა ბუშთან, ჰილარი კლინტონსა და მიშელ ობამასთან.
პიერის თქმით, მელანია ოფიციალურ შეხვედრებზე ყველაზე ხშირად „დოლჩე და გაბანას“ სამოსს ატარებს, რითიც იტალიური მოდის მიმართ პატივისცემას გამოხატავს. ასევე, აშშ-ს პირველი ლედის გარდერობში ჭარბობს ისეთი ბრენდების სამოსი, როგორებიც „კარლ ლაგერფელდი“, „ზე როუ (The Row) და მაიკლ კორსი არიან.
ჰერვი პიერი მელანიასთვის სამოსს ხშირად ყიდულობს. როგორც ის ამბობს, ტანისამოსის შერჩევამდე კარგად აკვირდება მანამდე ხომ არ სცმია იგივე რომელიმე პირველ ლედის.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ დიზაინერებს ხშირად წარმოდგენაც არ აქვთ, თუ ვისთვის არჩევს ჰერვი პიერი სამოსს.
აშშ-ს სხვა პირველი ლედებისგან განსხვავებით, მელანია სამოსს დიპლომატიური გზავნილების გადასაცემად იყენებს. მაგალითად, როდესაც ის რომელიმე ქვეყანას სტუმრობს, ცდილობს ადგილობრივი დიზაინერის სამოსი მოირგოს და ამით ადგილობრივების მიმართ პატივისცემა გამოხატოს.
მაგალითად, მედიის მიმართ თავისი დამოკიდებულებების გამოსახატავად, მელანიას ტეხასში ერთ-ერთი შეხვედრის დროს 40 დოლარად შეფასებული ქურთუკი მოირგო, რომლის ზურგზეც ასეთი წარწერა იყო „მე ნამდვილად არ მაინტერესებს ეს ყველაფერი, და შენ?“… მეუღლის ჩაცმულობა დონალდ ტრამპმა ასე ახსნა – „მელანიამ კარგად იცის, თუ როგორი უსირცხვილოა ცრუ მედია და დიახ, ეს მას აღარ აინტერესებს“.