კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის, ომის თაობაზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება აწარმოოს, მაგრამ მხოლოდ უკრაინის კაპიტულაციის პირობით. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მოხსენებაშია ნათქვამი.
20 იანვარს რუსეთის ლიდერმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან.
შეხვედრის დროს პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი მოგვარება უნდა ეფუძნებოდეს კონფლიქტის „ძირითადი მიზეზების მოგვარებას“, რაც, მისი თქმით, მოიცავს რუსეთის მკაცრი მოთხოვნების შესრულებას.
„კრემლის მაღალჩინოსნებმა, განსაკუთრებით პუტინმა და ლავროვმა, არაერთხელ აღნიშნეს ბოლო კვირების განმავლობაში, რომ კრემლი უარს ამბობს, განიხილოს რაიმე კომპრომისი 2021 წლის ბოლოს და 2022 წლის დასაწყისში პუტინის მიერ გაცხადებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ეს მოთხოვნები მოიცავს უკრაინის მუდმივ „ნეიტრალურ“ სტატუსს, მის ნატოში არ გაწევრიანებას, უკრაინის არმიის მოცულობის მკაცრ შეზღუდვას და უკრაინის მთავრობის ხელისუფლებისგან ჩამოშორებას“, – აღნიშნავს ISW.
პუტინმა ასევე თქვა, რომ 2021 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების 10-15 წლით გადადება შესთავაზა, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა რუსეთის შეჭრას, რომელსაც კრემლის ლიდერმა, „ნატოს ქმედებების გამო გარდაუვალი“ უწოდა.