სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.

ამავე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურის ბრიგადები, მათ შორის 30 სახანძრო მანქანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 28 მანქანა. ცეცხლის ჩაქრობისა და სამაშველო ოპერაციაში 231 სპეციალისტი იყო ჩართული.

შემთხვევის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.