აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის კახა მურადოვს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ეხო კავკახა“ იუწყება.
ე.წ. სასამართლომ მურადოვი სახელმწიფო ღალატში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვის მუხლებით დამნაშავედ ცნო. მურადოვმა სასამართლოზე ბრალი არ აღიარა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, კახა მურადოვი აფხაზეთის მკვიდრია და მას დე ფაქტო მოქალაქეობაც აქვს, მაგრამ სოხუმის უშიშროების სამსახური იუწყება, რომ დაკავებულს ქართული პასპორტიც ჰქონდა.
„მურადოვის ჩხრეკისას მას ტექნიკური საშუალებები აღმოაჩნდა, რომლებიც საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობას ადასტურებს. მურადოვი ცდილობდა, რომ აფხაზეთის მოქალაქეები ჩაერთო ფარულ საქმიანობაში, რომლის მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მურადოვმა აღიარა, რომ მას აქვს ქართული პასპორტი, რომელსაც საქართველოში ნათესავებთან მალავს“, – იუწყება ე.წ. უშიშროების სამსახური.
ამ ინფორმაციის მიხედვით, კახა მურადოვს კონტაქტები ჰქონდა „მხედრიონის“ წევრებთან, ასევე უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართული ლეგიონის წარმომადგენლებთან.