აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეორე პრეზიდენტობის ვადის პირველი დღიდანვე მოვალეობის შესრულებას აქტიურად შეუდგა. საგარეო კუთხით მის გააქტიურებას ანალიტიკოსები უფრო მოგვიანებით ელიან და აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია გავლენას მოახდენს, როგორც ზოგადად მსოფლიოზე, ისე კონკრეტულად საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. მანამდე კი როგორც „ქართული ოცნება”, ისე ოპოზიცია ცდილობენ დაამტკიცონ, რომ აშშ-ის ახალი ხელისუფლების მოკავშირეები სწორედ ისინი არიან, ან, სულ მცირე, მასთან იდეოლოგიურად თანხვედრაში მოდიან.
უამინდობის გამო ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს კაპიტოლიუმის დარბაზში შედგა, ცერემონიას ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტები, მათი მეუღლეები, ძველი და ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონგრესმენები და მოწვეული სტუმრები, რომელთა შორის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ჩანდა, მოგვიანებით ამისი კადრებიც გავრცელდა. ასევე სოც ქსელებში ვრცელდებოდა ფოტოსურათები, რომ ვაშინგტონში იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
ტრამპმა რამდენიმე მნიშვნელოვან განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც ძირითადად ქვეყნის შიდა საქმეებს ეხება. მანამდე ჰქონდა ვრცელი საინაუგურაციო სიტყვა, რაზედაც ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გამოიკვეთა გარკვეული კონტურები, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს თუნდაც შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში.
„ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ სწორედ საინაუგურაციო სიტყვაში გამოჩნდა მათი და დონალდ ტრამპის იდეოლოგიური მიდგომების თანხვედრა. მმართველ პარტიაში იმედოვნებენ, რომ „ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სთეითთან” ბრძოლაში”. როგორც „ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რაზეც „ქართულ ოცნებას” ეუბნებოდნენ, „თქვენი მოგონილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა, მათ შორის მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს”.
ტრამპს გაპრეზიდენტებას ოპოზიციური ფრთაც აქტიურად ულოცავს და აქტიურად აზიარებს რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის პოსტებს. უილსონი ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, სადაც საქართველოს პრემიერი დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს. უილსონის თქმით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას „საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ის მეგობარი, სალომე ზურაბიშვილი” დაესწრო, კობახიძე კი „ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტია”.
„ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის. ის არის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის პაიკი და ამერიკის სანქციების სიაში მალე აღმოჩნდება. ინაუგურაციაზე იყო საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ის მეგობარი, სალომე ზურაბიშვილი”, – წერს უილსონი.
ამასთან, კონგრესმენი მისი, სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ნაწილი ტრამთან პოზიციების სიახლოვეში „ოცნებისა” და მისი ოპონენტების ასეთ პაექტრობას ირონიულად აღიქვამს. „გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია წერს, რომ ოპოზიცია ახლა ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებას ცდილობს, ადრე კი აკრიტიკებდა.
„ჩვენმა მედია და პოლიტ ინდაურებმა, ჯერ არ იციან ტრამპი როგორ შეაქონ.
განა არ უნდათ შეუძვრნენ, უბრალოდ ჯერ არ იციან როგორ ქნან ეს. არაკვალიფიციურები არიან. ვოუქობით და სოციალისტობით არ გამოდის, სხვა ამათ არაფერი იციან.
„არ იციან, თუ რა კამპანია ჩაატარა ტრამპმა. არც თავად შეწუხებულან ამის გარკვევით და მაყურებელიც კოლბაში ჰყავდათ, რათა ვინმეს არ გამოეღვიძა და 4-5-9-25-41 შემოხაზვა არ გადაეფიქრებინა. ახალი არჩევნები იმიტომაა აუცილებელი, ნაკლები ინდაური რომ იყოს ახალ პარლამენტში, რათა უბრალოდ ვინმეს მიესვლებოდეს ტრამპის ადმინისტრაციასთან”, – წერს ხვიჩია სოციალურ ქსელში.
ტრამპი და საქართველოს შიდა პროცესები
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ტრამპი საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს საქართველოსთან მიმართებაში.
„ტრამპი თავიდანვე აცხადებდა, რომ მისი პრიორიტეტი ამერიკა იქნებოდა, საგარეო პოლიტიკაში კი ძალით მშვიდობის უზრუნველყოფის მიმდევარია. ის, რაც ინაუგურაციაზე ითქვა და შემდეგ რაზედაც ხელი მოაწერა, ამ პოლიტიკაში ჯდება, იქნება ეს მექსიკის საზღვართან, დეპორტაციასთან მიმართებაში და ა.შ.
:მოულოდნელი იყო 90 დღით საგარეო დახმარების შეჩერება. ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო და ამას მხოლოდ საქართველოს კონტექტსში არ ვსაუბრობ. ალბათ უფრო დეტალებში უნდა ჩასულიყო და გარკვეულიყო. განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების 90 დღით შეჩერება არცთუ ისე მცირეა.
„რაც შეეხება საქართველოს მომავალს, თუნდაც ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ 600 კაცს შორის მოხვდა, ვინც ცივი ამინდის გამო შეზღუდული რაოდენობით ესწრებოდნენ ინაუგურაციას დარბაზში, ამაში შეიძლება დადებითი დავინახოთ. ხალხში, სადაც წარმოდგენილი იყო მთლიანად კონგრესი, ამერიკული ბიზნესი და ა.შ., სალომე ზურაბიშვილიც მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას ტრამპის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. ვნახავთ კიდევ რა შეხვედრები ექნება ზურაბიშვილს.
„მართალია, ტრამპს ამაზე არ ულაპარაკია, მაგრამ იგივე პანამის არხთან გაკეთებულ მის განცხადებაში, რომ ჩვენ პანამას გადავეცით და არა ჩინეთსო, აქ მნიშვნელოვანი ჩინეთის ფაქტორია. აშშ-მა ჩვენთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, მაგრამ სომხეთთან დაიწყო, რაც მიმანიშნებელია, რომ ამერიკაც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც კავკასიის დათმობას არ აპირებენ და რუსეთისთვის და ჩინეთისთვის საჯილდაო ქვად არ გადააქცევენ, აქ საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა იქნება.
„ოცნება” ცდილობს საკუთარი ამომრჩეველი იმედიანად განაწყოს. მეტი ხელმოსაჭიდი ინაუგურაციიდან არაფერი არ აქვთ და ამიტომ ამას ჩაეჭიდნენ, რომ „ქალი ქალია და კაცი – კაცი” და ამბობენ, შეხედულებებში ერთმანეთს ვემთხვევითო. ტრამპს ასეთი მიდგომები ამერიკაში აქვს და ამის გამო არანაირი პრობლემები არ ექმნება ევროპელ პარტნიორებთან, სადაც ლგბტ თემს მესამე სქესად აღიარებენ და ა.შ.
„საგარეო პოლიტიკაში ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და არა იმის მიხედვით, თუ ვის როგორი რელიგიური შეხედულება და რა მრწამსი აქვს. საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელობა ინტერესთა თანხვედრას აქვს, ჩვენი მოსახლეობის 80%-ის მთავარი ინტერესი კი არის არა ის, რომ ქალი ქალია და კაცი კაცი, არამედ ის, რომ ჩვენ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვიყოთ.
„იმაზე ლაპარაკი, რომ ამის გამო „ქართული ოცნება” რაიმე კვოტებს მიიღებს ტრამპის ადმინისტრაციიდან, გებელსის პროპაგანდის სტილშია, თუმცა „ოცნება” ამ პროპაგანდას ნამდვილად კარგად იყენებს”, – განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების გავლენა საქართველოზე მალე არ აისახება და იგი პირველ რიგში თავისი ქვეყნის ინტერესებს შესაბამისად იმოქმედებს.
„ტრამპის გაპრეზიდენტების გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ასე მალე არ აისახება, ამას თვეები დასჭირდება – სანამ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია საქართველოში არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან, გადახედავენ წინა ადმინისტრაციის მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას, მოუსმენენ ამ სფეროში ჩახედულ ადამიანებს და ამის მერე ჩამოაყალიბებენ თავიანთ დამოკიდებულებას. ეს იქნება 3, თუ 4 თვის მერე.
„როდესაც საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას ჩამოაყალიბებენ, უპირველეს ყოვლისა დააყენებენ ჯერ აშშ-ის ინტერესებს და მერე საქართველოსას. ტრამპმა თავის გამოსვლაშიც გაუსვა ხაზი, რომ წინა პლანზე აშშ-ის ინტერესები იქნება დაყენებული.
„ისინი მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლებამ აშშ დაარწმუნოს, რომ საქართველოს რეგიონში აშშ-ის ერთგულ მოკავშირედ რჩება, რომ როგორც საქართველოში, ისე რეგიონში ვაშინგტონის ინტერესები სრულიად დაცული იქნება და ურთიერთობები გადატვირთება. ალბათ მოითხოვენ, რომ საქართველომ მოარგოს თავისი ინტერესები აშშ-ის ინტერესებს და ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებას დრო აქვს იმისთვის, რომ აქტიურად იმუშაოს ახალ ადმინისტრაციასთან, დაარწმუნოს იმაში მაინც, რომ მისი წინამორბედი ადმინისტრაციის მიერ საქართველოს მიმართ გატარებული ხაზი შეცდომა იყო.
„ტრამპისგან იმის თქმა, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია, ეს ერთი საკითხია, რომელიც არანაირად არ უკავშირდება აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებს. შეიძლება ღირებულებებში და იმაში, რომ ტრამპი უფრო კონსერვატორია, ვიდრე მისი წინამორბედი, „ქართული ოცნებისა” და აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პოზიციები თანხვედრაში უფრო მეტადაა, მაგრამ ეს მედლის ერთი მხარეა.
„მეორე მხარე გაცილებით უფრო პრაგმატულია, ე.წ. რეალპოლიტიკა, ანუ რამდენად აკმაყოფილებს საქართველო იმ მოთხოვნებს და ინტერესებს, რაც აშშ-ს აქვს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. კონგრესმა სპეციალური აქტი მიიღო, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას ეხება და ეს მიჩნეულია, როგორც აშშ-ის საგარეო ერთ-ერთი პრიორიტეტი მიმართულება. ჩვენგან კი ელოდებიან, რომ ვიყოთ იმ მხარეს, სადაც აშშ და მისი მოკავშირეებია. ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს, რათა აშშ-ის ადმინისტრაცია დაარწმუნოს იმაში, რომ თუნდაც ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა და რუსეთთან ფრთხილი პოლიტიკა აშშ-ის ინტერესებს არ აზიანებს.
„ოპოზიცია, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ყველანაირად შეეცდება ხელისუფლებას აჯობოს იმაში, რომ ტრამპის ადმინისტრაციის საკვანძო ფიგურებთან კონტაქტი დაამყაროს, საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოს და აჩვენოს, რომ სწორედ ისინი იმსახურებენ აშშ-ის მხარდაჭერას. ამიტომაც მიდის ეს უწყვეტი პროტესტები დაარწმუნონ, რომ საქართველოში მათ სახალხო მხარდაჭერა აქვთ.
„რა თქმა უნდა, ეს პროცესები აშშ-დან ისე არ ჩანს, როგორც ჩვენი დედაქალაქიდან, მაგრამ აქ მიდის კონკურენცია იმაზე თუ ვის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აღმოჩნდება უფრო სარწმუნო და დამაჯერებელი. გასაგებია, რომ ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დარწმუნებისთვის, რომ მან ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდონოს იმ კუთხით, რა კუთხითაც ოპიზიციას სურს. ეს ოპოზიციის მხრიდან ბუნებრივი რეაქციაა, რადგან ის მძიმე მდგომარეობაშია და ერთადერთი მაშველი რგოლი გარედან მხარდაჭერაა. ადგილზე ვხედავთ, რომ მხარდაჭერა მაინცდამაინც დიდი არაა, მიუხედავად სანახაობრივი მხარისა.
„3-4 თვე პირობით ვადად დავასახელე, განცხადება შესაძლოა ადრეც გაკეთდეს, მაგრამ გააჩნია როგორი იქნება. ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ელოდება, აღიარებს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია „ქართულ ოცნებას”, როგორც საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას. თუ „ოცნების” წარმომადგენელი ვაშინგტონში ჩავიდა, მას ხელი ჩამოართვეს, ან იქიდან რომელიმე ემისარი ჩამოვა და მოლაპარაკებებს გამართავს, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ აღიარების პროცესი დაწყებულია.
„თუმცა, შეიძლება სიტუაცია სხვანაირადაც განვითარდეს, აშშ-მა ოპოზიციის ნარატივი გაიმეოროს და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვონ. არც ამას გამოვრიცხავ. ამიტომაც მთავარია ვინ უფრო უკეთესად იმუშავებს ვაშინგტონის დარწმუნებაში. მართალია, დღეს ცალკეული ევროპარლამენტარები ჩამოდიან და იქიდან უილსონი, როგორც „მარტოხელა მგელი”, მხარს უჭერს (ოპოზიციას) თავისი საქმიანობით, მაგრამ ეს მაინც არაა ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია. ჩვენ უნდა დაველოდოთ როგორი იქნება ოფიციალური პოზიცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
გავლენა ევროკავშირზე – „სხვანაირი მზე” ბრიუსელში?
შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა გამოიწვევს მემარჯვენეების ახალ ზრდას ევროპაში – „როიტერსის” ცნობით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„მხოლოდ რამდენიმე საათი და მზეც კი სხვანაირად გაანათებს ბრიუსელში. ახალი პრეზიდენტი აშშ-ში, „პატრიოტთა” დიდი ფრაქცია ბრიუსელში, დიდი ენთუზიაზმი. ასე რომ, დიდი თავდასხმა შეიძლება დაიწყოს. ამით ვიწყებ შეტევის მეორე ფაზას, რომლის მიზანია, ბრიუსელის ოკუპაცია”, – განაცხადა ორბანმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ევროპაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არაა.
„ჯერჯერობით ორბანი და მისი მომხრეები ევროპაში უმრავლესობას არ წარმოადგენენ. თუ ორბანს იმის იმედი აქვს, რომ ტრამპისგან მხარდაჭერა ექნება, ესეც მთლად სიმართლეს ალბათ არ შეეფერება. დღეს ტრამპისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ რა პოლიტიკას ატარებს ევროპაში, არამედ რუსეთ-უკრაინის პრობლემის გადაჭრა.
„ტრამპი არც ისეთი გულუბრყვილოა, როგორც ერთი შეხევდით ჩანს, რომ თითქოს არაფერი არ აინტერესებს. როცა ის მშვიდობაზე ლაპარაკობს, გულისხმობს ძალით მშვიდობის დამყარებას. ეს იმას ნიშნავს, რომ სამხედრო ხარჯები გაიზრდება და არ ნიშნავს, რომ პუტინს ჩაეხუტება.
„ორბანი და „ქართული ოცნება” სულიერი პარტნიორები არიან, რადგან ორივე პროპაგანდისთვის იყენებს ამ გამონათქვამებს და შეხედულებებს, ჯერჯერობით ევროპაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება და არცაა მოსალოდნელი”, – განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებას გარკვეული გავლენა ექნება ევროპაზეც.
„ეს ორბანის მოლოდინია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ რა მსოფლმხედველობის და ღირებულებითი პოზიციები აქვს ტრამპს და მისი გუნდის წევრებს, რა თქმა უნდა, ეს ევროპაში კონსერვატიულ ძალებს სტიმულს მისცემს. შესაძლოა მომავალ არჩევნებზე კონსერვატიულ ძალებს უფრო მეტი მხარდამჭერი გაუჩნდეთ, ეს დაშვების დონეზე შეიძლება ვისაუბროთ, რადგან ევროპაში სხვა პრობლემებიცაა გარდა იმისა, თუ ვინ გაიმარჯვა აშშ-ის არჩევნებში. თუმცა, რა თქმა უნდა, აშშ-ის ახალი ხელისუფლება გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს ევროპაზე”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.