ალეკო ელისაშვილი – გახარია სცემეს და თურმე ეს არ ყოფილა პოლიტიკური დევნა – ვინ ოხერია ეს ალი ბაბაევი, მას რომ შემოვცხე, რადგან რამდენჯერმე შემაგინა, თურმე პოლიტიკურად ვდევნი მას

როგორი აბსურდია შეხედეთ, გიორგი გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო, ათმა კაცმა წიხლქვეშ გაიგდო, ცემა და პოლიტიკური დევნით კი არ აღძრეს საქმე, არამედ ცემის, 126–ე მუხლით აღძრეს და მე აღმიძრეს პოლიტიკური დევნით – ნებისმიერმა მითხარით, ვინ იცით, ვინ ოხერია ალი ბაბევი?! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

როგორც მან სხდომის დასრულების შედეგ აღნიშნა, მის მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდია, რომელსაც ხელისუფლება მის დასაჭერად იყენებს, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ დააკავონ.

„ფაქტია, რომ დღეს, არ დამიჭირეს. 6 თებერვალს გაიმართება მომდევნო სხდომა, არსებითი განხილვა, სამწლიანი მუხლია. აბსოლუტურად აბსურდია, რომ მე ვიღაც ალი ბაბაევი [ვცემე]. ნებისმიერს რომ ჰკითხოთ, ვინ ოხერია ალი ბაბაევი, რომელიც თურმე ისეთი პოლიტიკური მოღვაწე ყოფილა, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობით გადავრეულვარ, ქუჩაში ვეტაკე და არიქა… შემაგინა და მაგაზე მქონდა რეაქცია. თან, როგორი აბსურდია შეხედეთ, გიორგი გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო, ათმა კაცმა წიხლქვეშ გაიგდო, სცემა და პოლიტიკური დევნით კი არ აღძრეს საქმე, არამედ ცემის, 126–ე მუხლით აღძრეს და მე აღმიძრეს პოლიტიკური დევნით. წარმოიდგინეთ, ანუ გიორგი გახარია პოლიტიკოსი არ არის და მას პოლიტიკურად არ გაუსწორდნენ და პოლიტიკოსია თურმე ალი ბაბევი. ნებისმიერმა მითხარით, ვინ იცით, ვინ ოხერია ალი ბაბევი?! შესაბამისად, ამას ხელისუფლება იყენებს იმისთვის, რომ დამიჭიროს. მინდა ვუთხრა „ჯიგრებს“, რომ მე არ მეშინია, ვიყავი, ვნახე, დიდი არაფერი საშიში იქ არ არის. დაჭერისთვისაც და ციხეში წასვლისთვისაც მზად ვარ. არ ვიცი, ამათ თავში რა იხარშება, ამას ღმერთმა უწყის, ფაქტია, რომ არასწორი მუხლი მაქვს წარდგენილი.

გახარია სცემეს, თურმე ის არ ყოფილა პოლიტიკური დევნა და სხვა მუხლით არის აღძრული საქმე და მე რომ ვიღაცა ქეციანი, კაციშვილმა რომ არ იცის, ვინ ოხერია ეს ალი ბაბაევი და მას რომ შემოვცხე, რადგან რამდენჯერმე შემაგინა – ამის გამო თურმე პოლიტიკურად ვდევნი მას. ალი ბაბაევია თურმე პოლიტიკოსი და გახარია არაა პოლიტიკოსი. რა თქმა უნდა, აბსურდია. ჩემი დაჭერა თუ უნდათ, დამიჭირონ, არ მეშინია, აგერ ვარ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ შეეცვალა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.