ე.წ. დიფ სთეითი გააქტიურებულია ევროპაში, განსაკუთრებით კი ამას გავლენა აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ეს აისახება ესტონეთზეც – ესტონეთთან ცალმხრივ მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ ესტონეთის პარლამენტის განცხადებას, სადაც ისინი ევროკომისიას საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის შეზღუდვას და სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ესტონეთის პარლამენტის განცხადება ანტიქართული განცხადებაა, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება, ქართველი და ესტონელი ერების ისტორიული მეგობრობაა.
„იმ პირობებში როდესაც ე.წ. “დიფ სთეითზე“ არის წნეხი აშშ-ში, ეს კიდევ უფრო გააქტიურებულია ევროპაში, განსაკუთრებით კი ამას გავლენა აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ეს აისახება ესტონეთზეც. ჩვენ ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით. ასეთი განცხადებები არის მიუღებელი და ცალსახად ანტიქართული განცხადებაა, რომელიც ქართველი ხალხის ნების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს. ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ესტონეთთან, გამომდინარე ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც ჩამოყალიბებულია ქართველ და ესტონელ ხალხს შორის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე, ირაკლი კობახიძემ აშშ-თან ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა აშშ-თან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, რომელსაც საფუძვლად კონკრეტული გზამკვლევი ექნება დადებული, მაგრამ ეს ყველაფერი ირაკლი კობახიძის თქმით, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ქვეყანაში ე.წ. „დიფ სთეითის“ დამარცხებას.
„დაინტერესებული ვართ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და უფრო მეტიც, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდა სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ აშშ-თან ურთიერთობა და ეს კონკრეტული გზამკვლევით გვინდა გავაკეთოთ. ისეთივე გზამკვლევით, როგორიც არის შედგენილი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის, როგორიცაა ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგი.
„მზად ვართ, რომ კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებითა და ინდიკატორებით განვაახლოთ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ში ე.წ. „დიფ სთეითის“ დამარცხებას. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და მზად ვართ გადაიტვირთოს ურთიერთობები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.