პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამთავრობო კომისიის სხდომაზე ახალი სტადიონის მშენებლობაზე იმსჯელეს, რომელიც 70 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და თბილისის გარეუბანში აშენდება.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სტადიონზე არამხოლოდ საფეხბურთო და სარაგბო მატჩები გაიმართება, ახალ სტადიონზე უმაღლესი დონის კონცერტების გამართვის შესაძლებლობაც იქნება და ასევე, იქნება უზრუნველყოფილი საკონვენციო ცენტრის არსებობა.
„დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც განვიხილეთ სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, დღეს ვიმსჯელეთ სტადიონთან დაკავშირებულ თემებზე. როგორც მოგეხსენებათ, დაანონსებული გვაქვს თბილისში ახალი მასშტაბური სტადიონის მშენებლობა, რომელიც დაიტევს 70 ათას მაყურებელს. ამას აქვს სხვადასხვა საფუძველი. პირველ რიგში, არის მაღალი მოთხოვნა საგანგებო მნიშვნელობის მქონე მატჩებზე. დინამოს სტადიონი იტევს მხოლოდ 54 ათას მაყურებელს. მოთხოვნა არის ბევრად მეტი, როცა საქმე ეხება საფეხბურთო ნაკრების მატჩებს. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ახალი, უფრო მასშტაბური, სტადიონის არსებობა ჩვენს დედაქალაქში. გარდა ამისა, ეს იქნება ერთგვარი საიმიჯო პროექტი, რომელიც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. იქნება რეზონანსული პროექტი. ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა გახლავთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ახალ სტადიონზე. ესეც საიმიჯო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს სტადიონი განკუთვნილი იქნება როგორც საფეხბურთო, ისე სარაგბო მატჩებისთვის. ასევე, აქ იქნება უზრუნველყოფილი ახალი საკონცერტო ინფრასტრუქტურა. ამ კუთხითაც მოქმედი ინფრასტრუქტურა არის პრობლემური. ჩვენ ახალ სტადიონზე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დედაქალაქში, უმაღლესი დონის კონცერტებს ვუმასპინძლოთ. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა ტურისტული თვალსაზრისითაც გაიზრდება, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შედეგად. ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და გარდა სასპორტო და საკონცერტო დატვირთვისა, აქ იქნება უზრუნველყოფილი საკონვენციო ცენტრის არსებობა. დღეს ქვეყანას არ აქვს ე.წ. საგამოფენო-საკონვენციო ცენტრი, სადაც ასეთი ტიპის, მაღალი რანგის ღონისძიებებს შეიძლება უმასპინძლოს ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა დედაქალაქმა. რა თქმა უნდა, ახალი სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს საკლუბო ფეხბურთსა და რაგბიში ინვესტიციების მოზიდვას.
ჩვენ თბილისის სტადიონის გარდა, ვიმსჯელეთ რეგიონულ ინფრასტრუქტურაზე. განვიხილეთ შესაბამისი პროექტები. 40-ზე მეტ ლოკაციაზე არის დაგეგმილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებია. იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ სპორტს დღეს აქვს უპრეცედენტო წარმატება, სხვადასხვადა სფეროში, ბავშვებში მოთხოვნაც არის გაზრდილი, ამას ამ ეტაპზე არსებული ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს, შესაბამისად, გვჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონებში იმისთვის, რომ ამ მოთხოვნას ვუპასუხოთ. ამ მიმართულებითაც ვიმსჯელეთ კონკრეტულ გეგმაზე და უახლოეს მომავალში ეს გეგმა წარდგენილი იქნება საზოგადოების წინაშე. არცერთი დღე და კვირა არ უნდა დაიკარგოს, იმისთვის, რომ ჩვენ სათანადო ვადებში დავასრულოთ ამ პროექტის განხორციელება.
დღეს კომისიის სხდომაზე შევჯერდით იმასთან დაკავშირებითაც, რომ ჰოლანდიური კომპანია გაგვიწევს საკონსულტაციო მომსახურებას. შემუშავდება მასტერპლანი, ახალი სტადიონისთვის კონცეფცია ჩვენს ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად, რომელსაც, ამ სტადიონის კონცეფციის შემუშავების პროცესში ჩართული ეყოლება „უეფას“ექსპერტები. როცა სტადიონის მშენებლობას მსვლელობა მიეცემა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი გაგვიწევენ საკონსულტაციო მომსახურებას. უახლოეს დღეებში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
დღეს გვქონდა საუბარი ლოკაციაზე და სხვადასხვა ალტერნატიული ლოკაცია განვიხილეთ. არ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, დაველოდებით ჰოლანდიურ კომპანიას. მათი რჩევა იქნება მნიშვნელოვანი ლოკაციის შერჩევის პროცესშიც. ერთ-ერთი მისია იქნება ის, რომ დაგვეხმაროს ლოკაციის შერჩევაში. ყველა შემთხვევაში, ეს იქნება გარეუბანი. ეს არის თანამედროვე სტანდარტი, იმისთვის, რომ ლოჯისტიკურად იყოს ადვილად მისასვლელი შესაბამის ლოკაციამდე. ამ ეტაპზე არის ორი ძირითადი ლოკაცია შერჩეული. ორივე არის ოპტიმალური და ამ ორიდან ერთ-ერთზე შევჯერდებით. დაველოდებით ჰოლანდიური კომპანიის რჩევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.