ტრამპმა რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა: თუ ვერ შევთანხმდებით, სხვა არჩევანი არ მექნება, გარდა იმისა, რომ დავაწესო ტარიფები და სანქციები ყველაფერზე, რასაც რუსეთი აშშ-ში ყიდის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს მოუწოდა, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით, „გარიგება დადოს“, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები და ტარიფები გამკაცრდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას „არ სურს ზიანი მიაყენოს რუსეთს“, „უყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის  ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ] პუტინთან“.

„არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი მეორე მსოფლიო ომის მოგებაში დაგვეხმარა და ამ პროცესში თითქმის 60 000 000 სიცოცხლე დაკარგა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვაპირებ, რუსეთს, რომლის ეკონომიკა იშლება, და პრეზიდენტ პუტინს ძალიან დიდი სამსახური გავუწიო. ახლავე მოაგვარეთ და შეწყვიტეთ ეს აბსურდული ომი. ეს მხოლოდ გაუარესდება“, – წერს ტრამპი. 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება „მალე“ არ იქნება მიღწეული, მას „სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ დააწესოს მაღალი გადასახადები, ტარიფები და სანქციები ყველაფერზე, რასაც რუსეთი ყიდის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში“.

„დავასრულოთ ეს ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება მარტივი გზით, ან რთული გზით – მარტივი გზა კი ყოველთვის უკეთესია. დროა, „გარიგება დაიდოს“. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს“, – წერს ტრამპი.