ზელენსკი – ომის დასრულება ტრამპის გამარჯვება უნდა იყოს და არა პუტინის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულება დონალდ ტრამპისთვის გამარჯვება უნდა იყოს და არა ვლადიმერ პუტინისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ დავოსში Bloomberg TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

„მჯერა, რომ უკრაინის ომის დასრულება უნდა იყოს ტრამპის გამარჯვება. პუტინი მისთვის არავინ არის, ევროპა უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთი“, – აცხადებს ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა რუსეთთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთობლივი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

„ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც ნამდვილად გვინდა ომის სწრაფად დასრულება, მიზანშეწონილია გვქონდეს გეგმა პუტინთან კომუნიკაციამდე. მჯერა, რომ ეს შეერთებული შტატების, ევროკავშირის, მთლიანად ევროპის ინტერესებშია, ეს არის უკრაინის და ჩვენი ხალხის ინტერესებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

22 იანვარს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება მალე არ დაიდება, მას სხვა არჩევანი არ ექნება გარდა სანქციების დაწესებისა.

„არ მინდა, ტკივილი მივაყენო რუსეთს. მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორე მსოფლიო ომის მოგებაში რუსეთი დაგვეხმარა, თითქმის 60 მილიონი სიცოცხლე დაკარგა ამ პროცესში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე ვაპირებ, რუსეთს, რომლის ეკონომიკაც იშლება, პრეზიდენტ პუტინს ძალიან დიდი სამსახური გავუწიო. ახლავე მოაგვარეთ და შეწყვიტეთ ეს აბსურდული ომი. სიტუაცია მხოლოდ უფრო გაუარესდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.