თუ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტს განალაგებენ, ის არანაკლებ 200 000 ჯარისკაცისგან უნდა შედგებოდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში საერთაშორისო მედიის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას, რამდენად დიდი უნდა იყოს სამშვიდობო ძალები, თუ უკრაინაში მათი განლაგების გადაწყვეტილება მიიღება.
„მე მხარს ვუჭერ კონტინგენტების იდეას, როგორც უსაფრთხოების გარანტიების ნაწილს. რადგან თუ მათ [რუსებს] ჰყავს მილიონ-ნახევარი არმია, ჩვენ კი ორჯერ ნაკლები გვყავს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება კონტინგენტები ჯარისკაცების ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს 200 000 ევროპელ ჯარისკაცს აერთიანებდეს, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა:
„200 000 არის მინიმალური. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არაფერია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის ისეთი რამ, როდესაც ჩვენ გვყავდა ეუთო და არავინ იცოდა, როგორ შეეძლოთ დახმარება. მათ უბრალოდ ოფისები ჰქონდათ, სულ ეს არის“.