კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი, დმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ნავთობის ფასების შემცირებამ, შესაძლოა, უკრაინაში ომი დაასრულოს.
პესკოვის განცხადებით, უკრაინის ომი არ არის დამოკიდებული ნავთობის მსოფლიო ფასებზე.
„არა, ეს კონფლიქტი არ არის დამოკიდებული ნავთობის ფასებზე. კონფლიქტი მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის გამო, ცნობილ ტერიტორიებზე მცხოვრები რუსების საფრთხის გამო და ამერიკელებისა და ევროპელების სრული უარის გამო რუსეთის წუხილის მოსმენაზე“, – აცხადებს დმიტრი პესკოვი.
დონალდ ტრამპმა 23 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ნავთობის გლობალური ფასების შემცირებას სურს მიაღწიოს, რითაც მისი აზრით, შესაძლებელი იქნება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულება.
„მოვუწოდებ საუდის არაბეთსა და OPEC-ს დასწიონ ნავთობის ფასი. უნდა დაწიოთ! სიმართლე გითხრათ, მიკვირს, რომ ეს არჩევნებამდე არ გააკეთეს. ახლა ფასი საკმარისად დიდია, რომ [უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის] ომი გაგრძელდეს… ნავთობის ფასი უნდა დაწიოთ, რათა ეს ომი დასრულდეს. შეგიძლიათ ამ ომის დამთავრება,“ – განაცხადა ტრამპმა.