ჩვენ ევროპის მთავარ ქუჩაზე დავბრუნდით. ჩვენ – ახალი მეინსტრიმი ვართ, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს.
ეს განცხადება ორბანმა აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, ტრამპმა, მას შემდეგ, რაც მოვალეობის შესრულებას შეუდგა, უკვე გადადგა სწორი ნაბიჯები, მაგალითად, მან განაცხადა, რომ მამა არის კაცი, ხოლო დედა – ქალი.
ინტერვიუში ობრანი უკრაინის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „უკრაინელები ცდილობენ გადაგვეკიდონ“. მისი თქმით, ეს მას შემდეგ გახდა ნათელი, რაც უკრაინამ საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ნავთობისა და გაზის ტრანზიტი აკრძალა.
უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ამით უკრაინელები ენერგომატარებლებზე ფასის ზრდას უწყობენ ხელს. „უკრაინელებს ჩვენი გადაკიდება რომ არ სდომებოდათ, ენერგომატარებლებზე ასეთი ფასები არ იქნებოდა, ხოლო ბენზინი ასეთი ძვირი არ იქნებოდა“, – დასძინა ორბანმა.