უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინა გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით უნგრელების მოტყუების მცდელობაში დაადანაშაულა და ევროკავშირს მოუწოდა, აიძულონ უკრაინელები, რუსული გაზის ტრანზიტი განაახლონ. ამის შესახებ ორბანმა სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
საუბრისას ორბანი რუსეთ-უკრაინის ომს და გაზის მიწოდების თემას შეეხო.
„უკრაინელები ცდილობენ ჩვენს მოტყუებას“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ უკრაინა ცდილობს, ენერგორესურსების ფასები გაზარდოს.
„უკრაინელებს ჩვენთან რომ არ ეთამაშათ, ენერგეტიკული ფასები არ იქნებოდა იქ, სადაც არის და ბენზინი არც ისე ძვირი იქნებოდა“, – აღნიშნა ორბანმა და დაამატა, რომ სანქციების შემოღებით უნგრეთს 7 500 მილიარდი ფორინტი წაართვეს.
ორბანის თქმით, მან მოითხოვა გაზის ტრანსპორტირების მარშრუტების გახსნა, რომლის დახურვამ, სავარაუდოდ, უნგრეთში ენერგიის ფასების ზრდა გამოიწვია. ორბანი ცდილობს, ბრიუსელი დაარწმუნოს, რომ უკრაინამ გაიგოს, „უნგრელები არ უნდა იყვნენ ერთადერთი, ვინც სანქციების ხარჯებს იხდიან“.
„საჭიროა მხოლოდ სატელეფონო ზარი: ძვირფასო უკრაინელო ამხანაგებო, გახსენით სარქველები“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.