Reuters: ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, რუსეთში დამატებითი ჯარები გაგზავნოს

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსების (JCS) განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდასაჭერად რუსეთში დამატებითი ჯარების გასაგზავნად ემზადებოდეს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში მყოფი ჩრდილოკორეელი სამხედროების დიდი დანაკარგების შესახებ, მათ შორის დაჭრილებისა და ტყვეების შესახებ, წერს Reuters.

ჩრდილოკორეელი სამხედროები

JCS აღნიშნავს, რომ საომარ მოქმედებებში ჩრდილოეთ კორეის ჯარების ოთხთვიანი მონაწილეობის შემდეგ ფხენიანმა შესაძლოა, თავისი ძალისხმევა გააძლიეროს. თუმცა, ჩრდილოეთ კორეის შესაძლო შემდგომი ნაბიჯების დეტალები უცნობია.

გარდა ამისა, JCS-მა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა ერთდროულად ემზადება ჯაშუშური თანამგზავრისა და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის (ICBM) გასაშვებად. თუმცა, ამ გეგმების უახლოეს მომავალში განხორციელების ნიშნები ჯერ არ ჩანს.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი და ფხენიანი ადრე უარყოფდნენ ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში განლაგებას, 2024 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ფაქტობრივად, დაადასტურა მათი ყოფნა. იმავდროულად, ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათი სამხედროების უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა ლეგალური იყო.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა 2024 წლის ივნისში პუტინის ფხენიანში ვიზიტის შემდეგ გაღრმავდა. შეხვედრის დროს ლიდერებმა ხელი მოაწერეს „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას“, რომელიც ორმხრივი თავდაცვის პაქტს მოიცავს.