- შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს.
ფაქტთან დაკავშირებით AMBEBI.GE-ს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე ესაუბრა:
– პირველ რიგში, ჩვენ არ ვიცით, ეს კიბერშეტევა გარედან იყო ორგანიზებული, თუ კონტენტის გავრცელება ავტორიზებული მომხმარებლის, ინსაიდერის მიერ მოხდა. ორივე შემთხვევაში ეს არის ჰაქტივიზმი, როდესაც იდეოლოგიურად მოტივირებული აქტივისტები ციფრულ მონაცემებს ცვლიან საკუთარი მესიჯის საზოგადოებამდე მისატანად. ფაქტია, მოწყობილობა, სისტემა არ იყო სათანადოდ დაცული, რადგან ჰაქტივისტები, როგორც წესი, არ ფლობენ განსაკუთრებით დესტრუქციულ ტექნოლოგიებს.
– ვის შეეძლო ამის გაკეთება და რა გზით – ქვეყნის გარედან, თუ შესაძლოა აპარატების სისტემის შიგნიდან გაუშვეს ხმოვანი შეტყობინებები?
– რთული სათქმელია, ვინ იდგა ამ შეტევის უკან, თუკი საერთოდ დავუშვებთ, რომ ეს ჰაკერული თავდასხმა იყო. შესაძლოა, კონტენტი უბრალოდ საპროტესტო განწყობების მქონე ოპერატორმა ჩატვირთა. ფაქტია, იმ განწყობებს, რომელიც საგადახდო აპარატებიდან გაჟღერდა, საქართველოში და საქართველოს გარეთაც ადამიანების უზარმაზარი მასა უჭერს მხარს. ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკას საზოგადოების თითქმის ყველა ფენა აპროტესტებს საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც და სულაც არ არის გამორიცხული, ეს შეტევა დემონსტრანტებთან კავშირის არმქონე ჯგუფს განეხორციელებინა.
– გადამხდელების მონაცემებს ხომ არ ემუქრება საფრთხე ჰაკერებისგან? ფაქტია, რომ აპარატები ინახავს გადამხდელების მონაცემებს, ვინაიდან ბევრი მათგანი სახელფასო ბარათით იხდის მგზავრობის საფასურს…
– ამ ტიპის შეტევა ზოგადად მონაცემების მოპარვას არ იწვევს, მაგრამ რადგან სისტემა ამდენად დაუცველია, ცხადია, არსებობს შეშფოთების საფუძველი. საქმე ის გახლავთ, რომ ეს ინფრასტრუქტურა ინახავს გადამხდელის მონაცემებს, ხოლო მოსახლეობის ერთი ნაწილი იხდის არა სატრანსპორტო ბარათით, სადაც მინიმალური თანხაა განთავსებული, არამედ სახელფასო ბარათით, რომლის მონაცემების მოპარვის შემთხვევაში გადამხდელის მთელი ხელფასი დგება რისკის ქვეშ. ამის გარდა, პრობლემაა იმ პერსონალური მონაცემების გაჟონვაც, რომელიც გაივლის და დროებით ინახება სისტემაში. ჰაქტივისტებს ფინანსური მოტივი იშვიათად ამოძრავებთ, მაგრამ თუკი სისტემა ამდენად დაუცველია, მაშინ სისუსტით ფინანსურად მოტივირებულმა ჰაკერმაც შეიძლება ისარგებლოს.
– ამ ფაქტის გათვალისწინებით, მთელი ქვეყნის ფინანსური უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დგას?
– მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ასეთი განსაზღვრება გადაჭარბებული იქნებოდა, მაგრამ თავად ფაქტი ყურადსაღებია და მიგვანიშნებს, რომ სახელმწიფო სათანადოდ ვერ ფარავს მოქალაქეთა პერსონალური, თუ ფინანსური მონაცემების დაცულობას.
Ambebi.ge