აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გრენლანდიის საკითხზე დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან საკმაოდ მწვავე საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ Financial Times იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გრენლანდიის შეძენის შესახებ მისი განცხადება სერიოზულია და თუ დანია ამას არ დათანხმდება, მის საქონელზე საბაჟო გადასახადი გაიზრდება. გამოცემა წერს, რომ ტრამპის საუბარი „საკმაოდ მაღალ ხმაზე“ მიმდინარეობდა.
საუბარი 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოცემის ცნობით, დანიის პრემიერ-მინისტრმა ტრამპს უთხრა, რომ გრენლანდია, რომელიც ავტონომიის სტატუსით დანიას ეკუთვნის, „აშშ-ის დიდი ინტერესის მიუხედავად არ იყიდება“.
FT-ს ცნობით, სუბარი „ძალზე ცუდად“ წარიმართა. ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რომელსაც სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია აქვთ, ამბობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ძალზე აგრესიულად იქცეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ფრედერიქსენმა დანიასა და აშშ-ს შორის გრენლანდიაში სამხედრო ბაზების და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საკითხზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა.
როგორც დანიის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, ტრამპი დანიას დაემუქრა, რომ თუ ის გრენლანდიის გაყიდვაზე უარს იტყვის, გარკვეულ საქონელზე საბაჟო გადასახადს გაუზრდის. თავის მხრივ, დანიის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ „სატელეფონო საუბარია ასეთი ინტერპრეტაცია მისთვის მიუღებელია“.