დონეცკის რესპუბლიკის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეს ნიკოლოზ ბერიანიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც „ეხოკავკაზა“ იტყობინება,  სასამართლო ბერიანიძეს დაქირავებულ მებრძოლად ომში მონაწილეობისთვის და 2022 წლის მარტში სამი რუსი სამხედრო მოსამსახურის დახვრეტისთვის ასამართლებს.

ამავე ინფორმაციით, ბერიანიძე მსახურობდა ქართულ ჯარში და მონაწილეობდა ნატოს ქვეყნების მიერ ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციებში. ქართველი მოხალისე სავარაუდოდ 2016 წელს ჩავიდა კიევში და აზოვის პოლკს შეუერთდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბერიანიძე მარიუპოლში იმყოფებოდა.

საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, რომ 2022 წლის მარტში მან დახვრიტა სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე.