ეგვიპტე და არაბული ქვეყნების ლიგა ტრამპის მოწოდების საპასუხოდ უარს ამბობენ პალესტინელების იძულებით გადაადგილებაზე

ეგვიპტე უარს ამბობს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეთავაზებაზე ღაზას სექტორის „გასუფთავების“ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც პალესტინელი ლტოლვილების ეგვიპტეში, იორდანიასა და სხვა არაბულ ქვეყნებში გადაყვანას ითვალისწინებს.

ეგვიპტის და აშშ-ის პრეზიდენტები

„ეგვიპტე განაგრძობს თავიანთ მიწაზე პალესტინელი ხალხის სიმტკიცის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კაირო უარყოფს პალესტინელების „ამ განუყოფელი უფლებების ნებისმიერ დარღვევას, იქნება ეს მიწის დასახლების, ანექსიის გზით, ან ამ მიწის მისი მოსახლეობისგან დაცლის მიზნით, იძულებით გადაადგილების, წახალისებული გადაცემის, ან საკუთარი მიწიდან პალესტინელების ამოძირკვის გზით, დროებით თუ ხანგრძლივი პერიოდით“.

არაბული ქვეყნების ლიგამ ეგვიპტის ამ განცხადებას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ „ადამიანების იძულებით გადაადგილებას და მათი მიწიდან გამოსახლებას მხოლოდ ეთნიკური წმენდა შეიძლება ეწოდოს“.

„პალესტინელების თავიანთი მიწიდან გაძევების მცდელობები, იქნება ეს დევნის, ანექსიის, ან დასახლების გაფართოების გზით, წარსულში წარუმატებელი აღმოჩნდა“, – ნათქვამია რეგიონული ბლოკის განცხადებაში.

ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისის თქმით, პალესტინელების საკუთარი მიწიდან იძულებით გადაადგილება „პალესტინის სახელმწიფოებრიობის არსებობის მიზეზის აღმოფხვრას“ ისახავს მიზნად. სისიმ ამ პერსპექტივას უწოდა „წითელი ხაზი“, რომელიც ეგვიპტის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის განხორციელებას ითხოვს, რომელიც, კაიროს თქმით, შეუძლებელი გახდება, თუ პალესტინელებს თავიანთი ტერიტორიებიდან განდევნიან.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის 15-თვიანი ომის შედეგად ღაზა ნანგრევებად იქცა და ისურვებდა, თუ ეგვიპტე და იორდანია პალესტინელ ლტოლვილებს მიიღებდნენ დროებით, ან გრძელვადიანი პერსპექტივით.