NYT: ტრამპი და პუტინი მოლაპარაკებების წინ უკრაინის გარეშე დიპლომატიურ თამაშს აწარმოებენ

უკვე ერთი კვირაა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი დიპლომატიურ თამაშს თამაშობენ. ისინი ცვლიან განცხადებებს და მინიშნებებს, რომ უკრაინაში ომის დასრულება პირისპირ შეხვედრას მოითხოვს, შესაძლოა, უკრაინული მხარის მონაწილეობის გარეშეც, –  წერს The New York Times.

ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი

ტრამპის ცვალებადი რიტორიკა

ტრამპისა და პუტინის ურთიერთობა, რომელიც ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში სპეკულაციების საგანი იყო, კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. თუმცა, ამჯერად სიტუაციას სხვა კონტექსტი აქვს. ტრამპი განსაკუთრებით მკაცრი იყო გასულ კვირას, როდესაც თქვა, რომ პუტინი „რუსეთს ანადგურებს“ და რომ სანქციებს და ტარიფებს დაუწესებს მოსკოვს, თუ მოლაპარაკებებს არ დათანხმდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ განცხადებებს შეზღუდული გავლენა აქვს, აშშ-სა და რუსეთს შორის ვაჭრობის მინიმალური მოცულობის გათვალისწინებით, ისინი რიტორიკის ცვლილებაზე მიანიშნებს.

თავის მხრივ, პუტინმა ტრამპის განცხადებებს მშვიდად და ფრთხილად უპასუხა. ის დაეთანხმა ტრამპს და თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, რუსეთი უკრაინას თავს არ დაესხმებოდა. პუტინმა ასევე დაადასტურა მზადყოფნა, აწარმოოს მოლაპარაკებები და ორ ქვეყანას შორის დიალოგის განახლების ინიციატივით გამოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ არ უსაუბრიათ, ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სატელეფონო საუბარი „ახლო მომავალში შედგება“. ამავდროულად, ორივე მხარე მიანიშნებს, რომ მოლაპარაკებები შეიძლება მოიცავდეს არა მხოლოდ უკრაინის ომს, არამედ სხვა გლობალურ საკითხებსაც. კერძოდ, საუბარია ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე, ვინაიდან აშშ-სა და რუსეთს შორის საკვანძო ხელშეკრულების ვადა ერთ წელიწადში იწურება.

გამოცემა წერს, რომ ტრამპს, როგორც ჩანს, სურს მშვიდობისმყოფელის იმიჯი განიმტკიცოს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი ომის დასრულება მნიშვნელოვანი მიღწევა იქნებოდა, რომელსაც ის თავის პოლიტიკურ კამპანიაში გამოიყენებდა. ამავე დროს, მისი წინამორბედი ჯო ბაიდენისგან განსხვავებით, რომელიც იცავდა პრინციპს „არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“, ტრამპი, როგორც ჩანს, დიდად არ ითვალისწინებს უკრაინის როლს ამ პროცესში.

როგორც რუსეთის საკითხებში ექსპერტმა სტეფან სესტანოვიჩმა აღნიშნა: „პუტინს ყველაზე მეტად სურს, რომ შეთანხმება მხოლოდ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაიდოს“.

პუტინის დიპლომატიური მანევრები

პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებისთვის მზად არის, მაგრამ მხოლოდ საკუთარი პირობებით. ეს მოიცავს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიის დაახლოებით 20%-ზე კონტროლის შენარჩუნებას, უკრაინის ნატოში გაწევრიანების გამორიცხვას და მისი სამხედრო პოტენციალის შეზღუდვას.

ამავდროულად, პუტინმა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ინტერესი გამოხატა, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სტრატეგიული სტაბილურობა და შეიარაღების კონტროლი. მან აღნიშნა: „ჩვენ უნდა შევხვდეთ და განვიხილოთ საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც შეერთებული შტატებისთვის, ისე რუსეთისთვის“.

ფართო მოლაპარაკებებზე მიწვევა აჩვენებს, რომ პუტინი აგრძელებს ტრამპზე ფსონების დადებას, მისი მკაცრი რიტორიკის მიუხედავად. თუმცა, რუსი ოფიციალური პირები აგრძელებენ შეერთებული შტატების დემონიზაციას, ემზადებიან ამ მოლაპარაკებების შესაძლო წარუმატებლობისთვის.

მოლაპარაკებების ექსპერტი ვენდი შერმანი ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზული გამოწვევებისთვის მზად უნდა იყოს.

„პუტინი მიისწრაფვის რაც შეიძლება მეტი ტერიტორიული დათმობისკენ, უკრაინის ნატოდან გამორიცხვისა და ევროპაში დასავლური ბირთვული იარაღის არარსებობისკენ“, – აღნიშნა მან.