ბრიტანული გაზეთის -„ტაიმსის“ (The Times) 25 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რით შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი? ოთხი სავარაუდო სცენარით // უკრაინის ბედი ბეწვზე ჰკიდია: შეძლებს მშვიდობის მიღწევას დონალდ ტრამპი თუ კიევს სრული კრახი ელოდება?“ (ავტორი – ენტონი ლოიდი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
უკრაინა, ეროვნული გადარჩენის თვალსაზრისით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ელოდება – ისე, როგორც დაჭრილი გლადიატორი ელოდებოდა ხოლმე რომის იმპერატორის ცერა თითს: ქვეყანა, მართალია, ჯერ კიდევ ბოლომდე გატეხილი არ არის, მაგრამ ბრძოლას უკვე მუხლებზე დაცემული განაგრძობს.
ფრონტის სხვადასხვა ხაზზე ასეთი მძიმე მდგომარეობა არასოდეს ყოფილა: რუსეთის არმიამ 2024 წელს უკრაინის 6-ჯერ მეტი ტერიტორია დაიპყრო, ვიდრე – 2023 წელს. რაც შეეხება უკრაინის არმიას, რომელიც რუსეთის კურსკის ოლქში შარშან აგვისტოში შეიჭრა, ადრე დაკავებული ტერიტორიიდან ამჟამად მხოლოდ ნახევარსღა ინარჩუნებს.
ფრონტის ათასკილომეტრიანი ხაზის გასწვრივ რუსეთის ჯარების მრავალრიცხოვანი შემტევითი ოპერაციები გრძელდება. რუსეთი ყოველდღიურად დონბასში უკრაინის სულ უფრო მეტ ტერიტორიას იკავებს: იმ ქალაქთა რიცხვში, რომელსაც ოკუპირების საფრთხე ემუქრება, შედის პოკროვსკიც – უკრაინის საკვანძო ლოჯისტიკური ცენტრი.
როგორ დასრულდება ომი? ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, არსებობს ომის დამთავრების ოთხი სცენარი:
პირველი სცენარი
უკრაინის დამარცხება. ეს მოხდება იმ შემთხვევში, თუ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინისადმი სამხედრო-პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური დახმარების შეწყვეტაზე. თუმცა, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ასეთ „კატასტროფულ“ სცენარს თავს აარიდებს: მას ეშინია, რომ ამერიკელები ჯო ბაიდენს შეადარებენ, რომელმაც ავღანეთიდან აშშ-ის ჯარები, ნატოელებთან ერთად, საკმაოდ „უხეიროდ“ გამოიყვანა და ბევრის დასაცინი გახდა.
მეორე სცენარი
„ცუდი მშვიდობა“, როცა აშშ-ის დახმარების არარსებობის გამო, კიევი იძულებული გახდება, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ქვეყანას ორ ნაწილად გაყოფამდე მიიყვანს.
მესამე სცენარი
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, როგორც საბოლოო დარეგულირების წინაპერიოდი და ერთგვარი შუალედური ფაზა, რომელსაც რეგიონული სტაბილურობის განმტკიცება და უკრაინის გადარჩენა შეუძლია, ოღონდ – შეზღუდული უსაფრთხოებით და ეკონომიკური გარანტიებით, თუმცა საბრძოლო მოქმედებების დასრულება ომის რეალურად დასრულების გარეშე მხოლოდ მის გაყინვას ნიშნავს, რაც შეიძლება ყოველ წუთს „გალღვეს“ და უფრო მეტი აქტიურობით გაგრძელდეს.
მეოთხე სცენარი
ომის დასრულება ისეთი სახით, რომ უკრაინა, აშშ-ის მხარდაჭერით, „ძალის პოზიციაში“ იყოს. უკრაინის გაძლიერება გულისხმობს დონალდ ტრამპის მიერ ახალი ანტირუსული სანქციების დაწესებას და დაპირებას უკრაინისადმი იარაღითა და ფინანსებით დახმარებაზე, თუ მოსკოვი თავს აარიდებს სამშვიდობო მოლაპარაკებისა და ზავის დადებას.
ბოლო სცენარი, ფაქტობრივად, უკრაინის ომში გამარჯვების სცენარს წარმოადგენს, თუმცა – ძალზე პრობლემატურს და არ ნიშნავს იმას, რომ კიევი აუცილებლად მიაღწევს 1991 წლისდროინდელ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენას. რუსეთმა სამწლიანი ბრძოლების შედეგად მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და მისი მუხლებზე დაჩოქება (და ტერიტორიების უკან დაბრუნება) ძალიან რთული იქნება, უფრო სწორად კი – შეუძლებელიც კი.
მოკლედ, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინას არანაირი შანსები არ აქვს, მიაღწიოს ისეთ მდგომარეობას, როცა კიევი მოსკოვს ძალის პოზიციიდან დაელაპარაკება.