საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ხელშეკრულება ხაზს უსვამს საერთო ევროპული ღირებულებების საფუძველზე, საქართველოსა და უნგრეთს შორის ისტორიულ მეგობრობას და მიზნად ისახავს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო გაცვლების ხელშეწყობას.
ხელშეკრულების თანახმად, უნგრეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს პარლამენტს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და ყველა მხრივ დაეხმარება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევაში.
ხელშეკრულებას ხელი მოეწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის ბუდაპეშტში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შალვა პაპუაშვილმა და უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერმა.