უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს „სრული ჩავარდნა“ უწოდა და მოსკოვის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივების პირობა დაასახელა. ამის შესახებ უნგრელმა მინისტრმა Facebook-ზე დაწერა.
სიიარტომ აღნიშნა, რომ მზად იქნება, 27 იანვარს კენჭი უყაროს სანქციების გახანგრძლივებას, თუ ევროკომისია ბუდაპეშტს „მოქმედების გარანტიას“ მისცემს, მომავალში ენერგეტიკული საფრთხის არსებობის შემთხვევაში.
„დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ჩვენი ხმა განისაზღვრება იმით, მოგვცემს თუ არა ევროკომისია იმის გარანტიას, რომ მომავალში იმოქმედებს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას ევროკავშირის გარედან საფრთხე დაემუქრება“, – განაცხადა უნგრელმა მინისტრმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის გარანტიაზეა საუბარი.
სიიარტომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა „უზარმაზარი ზიანი მიაყენა ევროპას“, განსაკუთრებით კი უნგრეთს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უნგრეთის ეკონომიკას 19 მილიარდი ევროს ოდენობის ზიანი მიადგა.
„პარალელურად, უკრაინა აგრძელებს ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც საფრთხეს უქმნის უნგრეთის (და ცენტრალური ევროპის) ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ეს აღარ შეიძლება გაგრძელდეს! ისევე, როგორც ევროკომისიამ უნდა შეწყვიტოს კანდიდატი ქვეყნის, უკრაინის ინტერესების წარმოდგენა და არა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესების”, – დაწერა მან.