უზენაესი საბჭოს არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს საზოგადოებაში, განსაკუთრებით ინტელიგენციაში, იმდენად ფართოდ იყო გაშლილი დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი, ცხადია – ქარაფშუტული, პროვინციული, რომ გახსენებაც არ ღირს. მაგრამ გავიხსენებ, ვინაიდან 30 წლის წინანდელი უცოდინრობა, ზედაპირულობა დღესაც ხარობს და წალეკვით ემუქრება ქვეყანას — იმ დარჩენილს, რაც გვაქვს.
მახსოვს, ყველასთვის ცნობილ კინორეჟისორ და საზოგადო მოღვაწე რეზო ჩხეიძესთან კამათი. ის მიმტკიცებდა, რომ საქართველოს, თავისი კურორტებით თავისუფლად შეეძლო თავის რჩენა. მან ბრძანა, რომ რუსები, რომლებიც საქართველოს კურორტებზე ისვენებენ, საგზურის საფასურს რუსეთში იხდიან და არა საქართველოში. მან არ იცოდა, რომ საგზურის საფასურის ნახევარზე მეტს პროფკავშირები ანაზღაურებდა, მცირედ დანამატს კი — ფიზიკური პირი.
ჩხეიძის აზრით, სანატორიუმის საგზურის საფასურის საქართველოში გადახდით, ქვეყნის ბიუჯეტი ისე „გამდიდრდებოდა“, რომ თავისუფლად შეგვეძლებოდა თავის რჩენა, მას დაემატებოდა „ბორჯომის“ გაყიდვით შემოსული ფული, ისე, როგორც ალკოჰოლური სასმელების და ვიცხოვრებდით საამურად.
ჩხეიძისეულ „საამურ“ ცხოვრებას, ცხადია რუსეთისგან დამოუკიდებელს, ხელოვნების სხვა წარმომადგენლებიც იზიარებდნენ და არა მარტო, რიგითი ადამიანებიც.
მოგვიანებით, შევარდნაძის მმართველობის ჟამს, როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაოთხილი დარბოდნენ რუსეთში, მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით თურქეთში „დამოუკიდებელი“ საქართველოს მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ე.წ. ეკონომისტებიც კი თვლიდნენ, რომ რუსეთთან მილიონი უხილავი თუ ხილული ძაფით დაკავშირებული კავშირები არათუ უნდა გაწყდეს, არამედ უნდა დავივიწყოთ კიდევაც, როგორც საბჭოური მახინჯური გადმონაშთი და ჩვენეული უნდა შევქმნათ — დამოუკიდებელი.
ეკონომისტი და მეცნიერი ლადო პაპავაც იმავე აზრისა იყო, რასაც ის საჯაროდ გვეუბნებოდა ელექტრონული მედიის საშუალებით. მისი ნათქვამიდან გამომდინარე, ძველი, საბჭოური ეკონომიკური კავშირები მიუღებელია. საბჭოურში ბატონი ლადო გულისხმობდა რუსეთს, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. მისთვის და ყველა სხვისთვის ეკონომიკური კავშირები მხოლოდ ევროპა-ამერიკასთან უნდა გვქონოდა.
ასე ფიქრობდნენ „ნიჭიერი“ და „მაგარი“ ქართველები — ევროპის გზაზე დამდგარნი. აი, სწორედ იმ „ნიჭიერ“ და „მაგარ“ ქართველებზე მაგარი, ბელორუსის „კოლხოზნიკი“ (როგორც ქართველები ვეძახდით) პრეზიდენტი ლუკაშენკო გამოდგა, რომელმაც ძალ-ღონე არ დაიშურა ბელორუს-რუსეთს შორის არსებული ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებისთვის.
რა კავშირები მაქვს მხედველობაში?
უპირველესად სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, გადამამუშავებელი, წიაღისეულის მოპოვება-დამუშავება, სამეცნიერო-ტექნიკური და სხვა. ბელორუსის პრეზიდენტის ძალისხმევის შედეგს რახანია იმკის ბელორუსია — ქვეყანა განვითარებული ეკონომიკით, სოლიდური სოციალური ვითარებით, სამეცნიერო-ტექნიკური კადრებით.
სააკაშვილის მმართველობის დროს სისტემატურად გვასმენინებდნენ ვიღაც უვიცი გოგონა გაბიანის ლექციებს ტელევიზიით, რომ საქართველოს არ სჭირდება სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვინაიდან საქართველო სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციას უცხოეთში შეიძენს.
არვის დაუსვამს კითხვა — რით შეიძენს? შეძენა მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც შენს მიერ ნაწარმ პროდუქციას გაჰყიდი და შემოსული თანხით განახორციელებთ საჭირო საქონლის იმპორტს.
არის ასეთი პრაქტიკაც, როდესაც შენს ნაწარმს ცვლი სხვის ნაწარმზე. თუ წარმოება არ გვაქვს, ნაწარმიც არ გექნება და ვერც ვერაფერს იყიდი ან გაცვლი. ეს მარტივი რამაა, მაგრამ ქართველთა პრიმიტიული აზროვნებისთვის ჯერაც ამოუხსნელი.
საქართველო, დღიდან დამოუკიდებლობის მიღებისა, არაფერს აწარმოებს ან თუ აწარმოებს იმდენად მდარედ და უხარისხოდ, როგორც ტუალეტის ქაღალდს. საქართველოს აღარც მრეწველობა აქვს და აღარც სოფლის მეურნეობა, შესაბამისად აღარც განსწავლული სამეცნიერო-ტექნიკური კადრები ჰყავს არა მარტო ამ დარგებისთვის შესაფერისი, არამედ მრავალი სხვა დარგისთვის.
თუ დარგი აღარ არსებობს, რაღა საჭიროა კადრი? და თუ კადრი აღარ არის საჭირო, უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ტექნიკური დარგის სპეციალისტებს უშვებდნენ, რას აკეთებენ?
სხვა კადრებს ამზადებენ, მაგალითად პოლიტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტებს; სასოფლო — „ოფიციანტებს“, მომსახურების დარგის მუშაკებს და ა.შ. სოფლის მეურნეობა, ისეთი, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო, სადღა არის! მაგრამ სოფელი ხომ არის?!
არის, მაგრამ ბაზარს პროდუქტებით კი არ ამარაგებს, პირიქით — სოფელში, ქალაქიდან ჩატანილი პროდუქტებით იკვებება, ანუ სოფელიც მომხმარებლად, მჭამელად არის გადაქცეული და არა კვების პროდუქტების მწარმოებლად.
რა მივიღეთ დამოუკიდებლად ცხოვრების წლებში — დაუსაქმებელი, გაპარტახებული, სოფლელებისგან დაცლილი სოფლები და არ არსებული მრეწველობა, ერთ დროს მოგუგუნე ქარხნებით, სამაგალითო საწარმოებით — იმ სოფლებსა და სოფლის მეურნეობაში, ისე, როგორც მრეწველობაში მომუშავე განსწავლული კადრებით.
ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი მრეწველობა და სოფლის მეურნეობაა. ქვეყანა, რომელსაც ეს დარგები არ აქვს, ქვეყანა არ არის; ქვეყანა, რომელსაც ამ დარგებში მომუშავე შესაბამისი კადრები არ ჰყავს, არ ჩაითვლება განათლებული ადამიანების ქვეყნად.
შემედავებით — ახალმა ცხოვრებამ, ახალი დარგები განავითარაო, მაგალითად საბანკო სისტემაო, ვაჭრობაო, დისტრიბუციაო და სხვა.
თუ ვაჭრობად, თქვენი გაგებით ერთი ბაზრობიდან, მეორე ბაზრობაზე გადატანილი საქონლის ყიდვა-გაყიდვა ითვლება, დიდი ვერაფერი საამაყოა. წინათ, კომუნისტების დროს ამას სპეკულანტობა ჰქვიოდა და დანაშაულადაც ითვლებოდა. დღეს, ბიზნესს ვუწოდებთ.
თუ ოდნავ მაინც ობიექტურობა და მასთან ერთად განათლება შემოგვრჩა, შევხედოთ ჩვენს ცხოვრებას, საზოგადოების ცოდნის დონეს და ვთქვათ — არის დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის ცოდნის დონე ისეთი, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო?
ჰამლეტ ჭიპაშვილი