სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინადადებით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციაში დაფიქსირდება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, აიკრძალება ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანა და ევროკავშირის წესებს აღარ ექნება უპირატესობა შიდა კანონებთან მიმართებით.
სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ინიციატივა გაივლის უწყებათაშორისი კომენტარებისა და განხილვის პროცესს.
ფიცოს თქმით, კოალიციაში არის ლიბერალური ხმები, რომლებიც ამ წინადადებით აღფრთოვანებული არ იქნებიან. ცვლილებების შესატანად საჭიროა 90 დეპუტატის ხმა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კონსტიტუციაში გაჩნდება ახალი მუხლი, სადაც ნათქვამი იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ასევე, რომ სქესის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სერიოზული მიზეზების გამო. დეტალები კანონში უნდა იყოს გაწერილი.