აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ ისურვებდა, თუკი ეგვიპტე და იორდანია ღაზას მოსახლეობას მიიღებდნენ, რადგან, მისი თქმით, უმჯობესია, თუ პალესტინელები იცხოვრებენ ისეთ ადგილას, რომელიც „ძალადობასთან არ ასოცირდება“. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა, იუწყება The Times Of Israel-ი.
„მსურს, მათ იცხოვრონ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც არეულობის, რევოლუციისა და ძალადობის გარეშე ცხოვრებას შეძლებენ. როდესაც ღაზას სექტორს უყურებ, ის ჯოჯოხეთი იყო ამდენი წლის განმავლობაში… ამ სექტორში სხვადასხვა ცივილიზაცია არსებობდა. ეს აქ არ დაწყებულა. ეს ათასობით წლით ადრე დაიწყო და მასთან ძალადობა ყოველთვის ასოცირდებოდა. თქვენ შეგიძლიათ, რომ ამ ადამიანებმა იცხოვრონ ისეთ ადგილებში, რომლებიც ბევრად უსაფრთხოა, შესაძლოა, ბევრად უკეთესი და ბევრად კომფორტულია“, – განაცხადა ტრამპმა.
როდესაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ როგორ მიიღო ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ მისი იდეა ღაზას მოსახლეობის თავის ქვეყანაში გადასახლების შესახებ, ტრამპის თქმით, „მისი პასუხი იყო, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ხილვა სურს“.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა მისი ეს პოზიცია, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის აღარ სჯერა, აშშ-ის პრეზიდენტმა პასუხის პირდაპირ გაცემას თავი აარიდა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან განიხილავს, როდესაც ის „ახლო მომავალში“ მასთან შესახვედრად ვაშინგტონში ჩავა.
ტრამპის თქმით, შეხვედრის თარიღი „ძალიან მალე“ დაინიშნება.
როგორც The Times of Israel-ს ორმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ნეთანიაჰუს ოფისი გეგმავს, რომ პრემიერის ვაშინგტონში ვიზიტი კვირას, 2 თებერვალს, შედგეს, სადაც ის შეხვდება ტრამპს, 5 თებერვალს კი ისრაელში დაბრუნდება. ამავე ცნობით, მოგზაურობის დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის და დამოკიდებულია ნეთანიაჰუს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ცნობისთვის, მანამდე ეგვიპტემ და იორდანიამ განაცხადეს, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ტრამპის იდეას პალესტინელების იძულებით გადაადგილების შესახებ. მათი თქმით, პალესტინელებს თავიანთ მიწაზე დარჩენის საშუალება უნდა მიეცეთ.