NYT: ვაშინგტონმა კიევს სამხედრო დახმარება შეუჩერა

აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემა ირწმუნება, რომ ეს ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული დახმარების პროგრამების 90-დღიანი შეჩერების შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებას უკავშირდება.

The New York Times-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განკარგულება სამხედრო და თავდაცვით სფეროზეც ვრცელდება, მათ შორის უკრაინის, ტაივანისა და იორდანისთვის განკუთვნილ დახმარებებზე, რადგან მათ დიდ ნაწილს სახელმწიფო დეპარტამენტი ანაწილებს.

ამის მიუხედავად, სამთვიანი გაყინვა არ ემუქრება ისრაელისა და ეგვიპტის სამხედრო მხარდაჭერას. ოფიციალური კიევი ირწმუნება, რომ ის შეერთებული შტატებისგან უკვე გამოყოფილი სამხედრო დახმარების მიღებას განაგრძობს.