სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოითხოვა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სირიულ წყაროზე დაყრდნობით წერს.’
სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, რუსეთი ქვეყანაში არსებულ ორ სამხედრო ბაზაზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა, რუსულ მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუ რას ითხოვს სირია სანაცვლოდ.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთთან გამართულ დისკუსიაზე ინფორმირებულმა სირიულმა წყარომ აღნიშნა, რომ სირიის ახალი რეჟიმის ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ, რუსეთს სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა. ასადი სირიიდან მაშინ გაიქცა, როცა დეკემბერში ამბოხებულებმა მისი რეჟიმი რამდენიმე დღეში დაამხვეს.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ინფორმაციით, დამასკო რუსეთისგან, რომელიც სამოქალაქო ომში ასადს უჭერდა მხარს, ითხოვს ნდობის აღდგენას კონკრეტული ზომების გზით, როგორებიცაა კომპენსაცია, რეკონსტრუქცია და აღდგენა.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარი თქვა დაედასტურებინა, მოითხოვა თუ არა სირიის ახალმა მთავრობამ რუსეთისგან ასადის გადაცემა და კომპენსაციის გადახდა.
28 იანვარს რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვი ხელმძღვანელობდა, სირიის ახალმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენა უნდა მოიცავდეს წარსული შეცდომების გამოსწორებას, სირიის ხალხის ნების პატივისცემას და მათი ინტერესების დაცვას.
სირიული წყაროს თქმით, რუსები არ იყვნენ მზად ასეთი შეცდომების აღიარებისთვის და ერთადერთი შეთანხმება, რასაც მიაღწიეს, იყო მოლაპარაკებების გაგრძელება.
შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 8 დეკემბერს დამასკო აიღეს. სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი კი რუსეთში გაიქცა.