შოლცმა მასკი ევროპაში მემარჯვენე პოლიტიკოსების მხარდაჭერისა და გერმანიის ისტორიის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროპაში მემარჯვენე პარტიების მიმართ ილონ მასკის მხარდაჭერას  „ამაზრზენი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირში დემოკრატიას ხელს უშლის. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ოლაფ შოლცი და ილონ მასკი

„ახალი ის არის, რომ ის მთელ ევროპაში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა. ეს მართლაც ამაზრზენია და არ არის კარგი ევროკავშირის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა შოლცმა.

ახლახან მასკი მოულოდნელად გამოჩნდა ულტრამემარჯვენე პარტიის – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD-ის) – კამპანიის ღონისძიებაზე ვიდეო ბმულის საშუალებით და თქვა, რომ გერმანელები არ უნდა იყვნენ დამნაშავენი მშობლების ცოდვების გამო და უნდა იამაყონ თავიანთი კულტურით.

შოლცმა საპასუხო განცხადებაში მასკის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა.

„მე კატეგორიულად ვაკრიტიკებ ილონ მასკის განცხადებას გერმანიის ისტორიის შესახებ. ეს ის კვირაა, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების გათავისუფლებას. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიას აქვს პასუხისმგებლობა, რომელიც დარჩება პასუხისმგებლობად წარსულში გერმანელების მიერ ჩადენილი ქმედებების გამო. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ შეერთებული შტატების, რომელმაც გაათავისუფლა ჩვენი ქვეყანა ნაცისტებისგან და დაგვეხმარა დემოკრატიის ხელახლა ჩამოყალიბებაში“, – აღნიშნა შოლცმა.