ვურჩევდი ხელისუფლებას, გულმოდგინედ წაიკითხოს ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა და თუ განათლება მისცემს საშუალებას, გამოიტანოს დასკვნა რეალური და არაეიფორიული

საქართველოს საზოგადოება, რახანია, ანტირუსულად არის დამუხტული და სასურველს, რეალობად მიიჩნევს. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის რუსეთი მტერია, ხოლო აშშ-ი, ევროკავშირი — მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები. ქართული პოლიტიკა, პოლიტოლოგია, აშშ-ს პროპაგანდის მსხვერპლი, იქაურ ნასუფრალზე წამოჩიტული, წამითაც არ აპირებს განვლილი 30 წლისთვის საღი თვალით შეხედვას. ასეთის შემთხვევაში იმას მაინც დაინახავს, რას მიაღწია ქვეყანამ.

გაანალიზების შემთხვევაში, უდავოდ მივა დასკვნამდე, რომ 30-წლიანმა ვითომ დამოუკიდებლობამ, რეალურად კი, დასავლეთისადმი მორჩილებამ, მოგვიყვანა დღემდე, იმ გაუსაძლის ყოფამდე, რაც გვაქვს.

ამერიკულმა პროპაგანდამ, ამერიკანიზაციაში გადასულმა, მშობლიური ენაც დაგვავიწყა და  ნაცვლად ამერიკულ-ინგლისური სიტყვები შეგვაყვარა, მეტიჩრულად რომ ვისვრით საჯარო გამოსვლებში, რადიო-ტელევიზიის ეთერში.

„სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში ქართული ენა გაღარიბდა და საკანცელიარო ენის ნორმებზე დავიდა. ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა მაშინ, როცა პოლიტიკოსები ლაპარაკობენ, მათი ენა კი საზოგადოებაში ფეხს სულ უფრო და უფრო იკიდებს. აუცილებელია ერთი მხრივ, სახელმწიფოებრივი ზრუნვა და მეორე მხრივ, ხალხის ინტერესის გაღვიძება ენისადმი, სხვანაირად, ქართული ენა მოკვდება.“ — წერს აკადემიკოსი მზექალა შანიძე.

ხელისუფლებას ენისთვის არ სცხელა. მას საკუთარი თავის გადარჩენის პრობლემა აქვს და ვერ ხვდება, რომ ეს პრობლემა აშშ-მა, ევროკავშირმა შეუქმნა. ნაცვლად მათთან ურთიერთობების დამუხრუჭებისა და გეოგრაფიული მიმართულების შეცვლისა, მაინც იქით იყურება, იმის იმედით, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოწყალების თვალით გადმოხედავს.

ვურჩევდი ხელისუფლებას, გულმოდგინედ წაიკითხოს ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა და თუ განათლება მისცემს საშუალებას, გამოიტანოს დასკვნა რეალური და არაეიფორიული.

„ამერიკა მალე გახდება დიდი, ძლიერი, გამორჩეული, ვიდრე ოდესმე წინათ… აშშ-ი ისევ ჩათვლის თავს მზარდ ერად, ისეთად, რომელიც ზრდის ჩვენს სიმდიდრეს, აფართოებს ჩვენს ტერიტორიას, აშენებს ჩვენს ქალაქებს…“ — ეს ტრამპის სიტყვებია, რომლებიდანაც პირადად მე ყურადღებას ვაქცევ „აფართოებს ჩვენს ტერიტორიებს“. და ვაქცევ იმიტომ, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ტრამპი სისტემატურად აცხადებს არათუ ტერიტორიების შეერთებაზე, არამედ ქვეყნების.

თავის საინაუგურაციო სიტყვაში მან მარტო პანამა ახსენა და პანამის არხზე კონტროლის დაწესება. არაფერი უთქვამს კანადის ან გრენლანდიის შეერთებაზე, მაგრამ კანადაც და გრენლანდიაც მის გონებაში ტრიალებს და ყველაფერს იღონებს, რათა ჩვენის წარმოდგენით აბსტრაქტული თემა, სინამდვილედ აქციოს.

აშშ-ს პრეზიდენტის, ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-ი კვლაც უნდა გადაიქცეს ისეთ ქვეყნად, რომელსაც აფასებენ, რომელსაც გუნდრუკს უკმევენ, რომლისაც ეშინიათ და აქედან გამომდინარე, ეთანხმებიან მას.

ტრამპი ახალი კოვბოია, ცხენზე ამხედრებული, იარაღშემართული პოლიტიკური თვალსაზრისით ნეოკოლონიზატორობიდან, კოლონიზატორის ამპლუაში წარმოდგენილი. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი სხვა ქვეყნების მიერთებაზე ლაპარაკობს — კოლონიალიზმის გახსენებაა.

აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი სამარეში გადატრალდებოდა, ტრამპის ამბიციური მოსაზრებების მოსმენით. რუზველტი დაჟინებით მოითხოვდა ჩერჩილისგან წერტილი დაესვა დიდი ბრიტანეთის კოლონიალიზმისთვის. მან ეს ვერ მოახერხა, უფრო სწორად ვერ ეღირსა  — გარდაცვალების გამო. მოგვიანებით, 60-იანი წლებიდან რუზველტის ნატვრას ფრთები შეესხა კოლონიალიზმის ნგრევით. და რა?

აშშ-ს პოლიტიკოსებმა, მსოფლიო ჰეგემონის ტიტულს ნეოკოლონიალისტის ტიტულიც დაუმატეს, ანუ კაპიტალის კოლონიალიზმი — ფულით, სამხედრო ძლიერებით სხვა ქვეყნების დამორჩილება.

ნეოკოლონიალიზმს, რომელმაც პრეზიდენტების ობამას, ბაიდენის დროს ძალა და გავლენა დაკარგა, „სიღრმისეულმა ქვეყანამ“ ახალი იდეოლოგია შეაშველა — „ლგბტ-ობის“.

ტრამპმა, ერთი ხელმოწერით, აღიარა ორი სქესი, აკრძალა შენობებზე ლგბტ-ს დროშების გამოკიდება. მისი გადაწყვეტილებით, აშშ-ი მხოლოდ სახელმწიფო დროშა უნდა ფრიალებდეს. ტრამპმა აშშ-ი გამოიყვანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, ისე, როგორც პარიზის კლიმატის ხელშეკრულებიდან. ტრამპი გაუქმებით ემუქრება ჰააგის სასამართლოს.

ტრამპის ელვისებურმა გადაწყვეტილებებმა შეშფოთება გამოიწვია ევროკავშირში, განსაკუთრებით კლიმატთან დაკავშირებით, ვინაიდან ევროპელთა მიერ მხარდაჭერილმა ხელშეკრულებამ დიდი შემოსავალი არგუნა ბრიუსელელ ბიუროკრატებს, მწვანეთა პარტიას. ტრამპი თვლის, რომ კლიმატის გადარჩენის კამპანია გამიზნულად მიმდინარეობდა ნავთობის, გაზის, ქვანახშირის გამოყენების საწინააღმდეგოდ.

სწრაფი გადაწყვეტილებები, მიღებული ტრამპის მიერ, უდავოდ გამოიწვევს უკურეაქციას არა მარტო აშშ-ი, არამედ მის მოკავშირე და არა მოკავშირე ქვეყნებში. რას დაუპირისპირებს მას ტრამპი, ძნელი სათქმელია, მაგრამ ცხადია — წინააღმდეგობა აღიზიანებს ტრამპს და უფრო მეტად რადიკალურად განაწყობს.

ტრამპი შეუპოვარი მებრძოლია, ბრძოლა კი 20 იანვარს დაიწყო. ასე რომ, ფათერაკებით აღსავსე 4 წელი გველის.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი