ულტრამემარჯვენე რუმინელმა პოლიტიკოსმა და რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ უკრაინას „გამოგონილი სახელმწიფო“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი ტერიტორიების საბოლოო დაყოფა „გარდაუვალია“.
„100%-ით ეს მოხდება. უკრაინა გამოგონილი სახელმწიფოა. ეს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაა“, – განაცხადა კალინ ჯორჯესკუმ ჟურნალისტ იონ კრისტოიუსთან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინის ზოგიერთ ტერიტორიაზე პრეტენზია, შესაძლოა, რუმინეთსაც ჰქონდეს.
მისივე განცხადებით, სამყარო იცვლება, ამიტომ შეიცვლება საზღვრებიც. ის დარწმუნებულია, რომ მეზობელი ქვეყნის დაყოფა სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ მოხდება.
„სამყარო იცვლება, საზღვრები იცვლება, მეტიც, თუ საზღვრები შეიცვლება, ჩვენ სად ვიქნებით? ჩრდილოეთ ბუკოვინა – ინტერესი გვაქვს. ასევე, ზაკარპატია. უნგრელებიც არიან, ლვოვი პოლონელებს დარჩებათ და მალოროსია“, – აღნიშნა ჯორჯესკუმ.
ჯორჯესკუმ დასძინა, რომ ამ ტერიტორიების მომავალი ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის.