ირანი გმობს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინადადებას ღაზას სექტორიდან პალესტინელების გადასახლების შესახებ და აღნიშნავს, რომ ასეთი ქმედება „ეთნიკური წმენდის“ ტოლფასი იქნება.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაქაეიმ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება პალესტინელებს „თვითგამორკვევის უფლების უზრუნველყოფაში უნდა დაეხმაროს, იმის ნაცვლად, რომ სხვა იდეები წამოაყენოს, რაც ეთნიკური წმენდის ტოლფასი იქნება“.
არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 1-ელ თებერვალს უარყვეს პალესტინელების გადასახლება ღაზადან „ნებისმიერი გარემოების, ან გამართლების პირობებში“, წარმოადგინეს ერთიანი პოზიცია ტრამპის მოწოდების წინააღმდეგ, რომ ეგვიპტემ და იორდანიამ ღაზას სექტორის მცხოვრებლები თავიანთ ქვეყნებში მიიღონ.