მარკო რუბიო პანამაში ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პანამაში ჩავიდა და პრეზიდენტ ხოსე რაულ მულინოს და საგარეო საქმეთა მინისტრ ხავიერ მარტინეს-აჩას შეხვდა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ხოსე რაულ მულინო და მარკო რუბიო

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიომ ქვეყნის ხელმძღვანელობას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია გააცნო, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენისა და კონტროლის ამჟამინდელი მდგომარეობა არხის ტერიტორიაზე საფრთხეს უქმნის მას და წარმოადგენს მუდმივი ნეიტრალიტეტისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დარღვევას.

„მდივანმა რუბიომ ცხადყო, რომ ასეთი სტატუს-კვო მიუღებელია და რომ მყისიერი ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში, ის შეერთებულ შტატებს მოსთხოვს, მიიღოს აუცილებელი ზომები ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების დასაცავად“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში. 

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას ნახევარსფეროში არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად და მადლობა გადაუხადა მულინოს რეპატრიაციის ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერისთვის. რუბიოს თქმით, ამერიკული მხარე მოწოდებულია, რომ ორივე ქვეყანა „უფრო უსაფრთხო, ძლიერი და აყვავებული“ გახდეს.

„ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია შეერთებულ შტატებსა და პანამას შორის სტრატეგიული ურთიერთობების აღსადგენად, პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანამდე რამდენჯერმე განაცხადა, რომ ჩინეთს პანამის არხზე გავლენა აქვს, რის გამოც, აშშ არხზე კონტროლის დაბრუნებას არ გამორიცხავს.