ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა საერთაშორისო არენაზე: ერთი, “იუსეიდის” გაუქმება ტრამპი-მასკის მიერ და მეორე, პანამის პრეზიდენტის განცხადება, რომ პანამა დროზე ადრე დაასრულებს საკუთარ მონაწილეობას ჩინეთის პროექტში სახელწოდებით “ერთი სარტყელი – ერთი გზა”.
“იუსეიდის” გაუქმება შეერთებული შტატების შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას დიდი მნიშვნელობა დანარჩენი მსოფლიოსთვის უფრო აქვს, განსაკუთრებით – ე. წ. განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომელთა შორის საქართველოცაა. მაგრამ ასეთივე დიდი მნიშვნელობა მსოფლიოსთვის და უშუალოდ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისთვის, პანამის გადაწყვეტილებასაც ენიჭება.
საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, რელევანტურია ორივე საკითხი, თანაც პირველი რიგის მნიშვნელობა აქვს ამ საკითხებს.
“იუსეიდი”, რამდენადაც ცნობილია, საქართველოში ამერიკული გავლენის დაფინანსების მთავარი ინსტრუმენტი იყო, მთელი ეს ე. წ. არასამთავრობო სექტორი, რომელსაც ახლა ქოცები ებრძვიან, ამ ორგანიზაციის დაფინანსებაზეა ჩამოკიდებული. არ ვიცი, რა წილი აქვს “იუსეიდს” მიმდინარე საპროტესტო აქციებში, მაგრამ ვარაუდით შეიძლება ითქვას, რომ მას წამყვანი როლი ენიჭება.
ტრამპის მრჩეველმა ილონ მასკმა, რომელიც დღეს აშშ-ში ყველაზე გავლენიანი პერსონაა, პირდაპირ დაასამარა “განვითარების სააგენტო”. სააგენტოს მადისკრედიტებელ კლიპში თბილისის ქუჩებში ახლახან გამართული ბატალიების ერთი კადრიც მოხვდა (განზრახ თუ შემთხვევით შეირჩა ეს კადრი, არ ვიცით, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს). ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ აშშ აღარ დააფინანსებს საზღვარგარეთ, მათ შორის, ჩვენთან არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს იმ ფორმითა და იმ მასშტაბით, რასაც აქამდე ჰქონდა ადგილი. ეს უკვე ნიშნავს ოპოზიცია-არასამთავრობოების დასუსტებას. მასკის გემოვნებაში არც ძალადობრივი გამოსვლები ჯდება, როგორც ჩანს. ოპოზიცია ამ მხრივაც სუსტდება, რომ მისი ქუჩის აქციებისთვის აშშ ადმინისტრაციას გული ნაკლებად “აუჩუყდება”.
რა თქმა უნდა, ეს უნებურად არსებული ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. მაგრამ ქოცებს ჯერ არ აქვთ საქმე საზეიმოდ. ჯერ ერთი, რეჟიმის საწინააღმდეგო სანქციების პროცესი გაშვებულია და მას უკან არავინ შემოაბრუნებს. უკეთეს შემთხვევაში, პროცესი შენელდება და აშშ ადმინისტრაცია დააკვირდება დღევანდელი ხელისუფლების შემდგომ ნაბიჯებს.
პანამის პრეზიდენტ მულინოს კაპიტულაცია აშშ სახელმწიფო მდივან რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ (ამ დროს ტრამპს უკვე გამოცხადებული აქვს “სავაჭრო ომი” ჩინეთთან), ნიშნავს, რომ აშშ არ ეგუება პანამისნაირი სუსტი, ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოების სუვერენიტეტს. პანამაზე ზეწოლის მიზეზი, როგორც ცნობილია, ჩინეთთან სტრატეგიული ეკონომიკური ურთიერთობაა და სწორედ ეს ურთიერთობაა აშშ ადმინისტრაციისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი. ამ დროს, საქართველოს ხელისუფლებას თითქმის იგივე კურსი უკავია ანაკლიის ასაშენებელ პორტთან დაკავშირებით და არ მალავს, რომ ეს პორტი მას ჩინეთისთვის აქვს დაბევებული.
მართალია, ანაკლიის პორტი და შავი ზღვა მთლიანად, აშშ-ის ეკონომიკური ინტერესებისთვის მიახლოებითაც არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც პანამის არხია. მაგრამ ადრე თუ გვიან, ტრამპის ადმინისტრაცია ანაკლიის საკითხით დაინტერესდება და თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს.
საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს, პანამასავით გააკეთოს არჩევანი, რაც ძლიერ შიდაპოლიტიკურ რყევებსაც გამოიწვევს. თუმცა, განსხვავებით “იუსეიდის” დახურვის ეფექტისაგან, პანამის გადაწყვეტილების ეფექტი უფრო გრძელვადიანია (ვერ ვიტყვი, რამდენად გრძელვადიანი). ეს ერთგვარ უპირატესობას აძლევს ხელისუფლებას ოპოზიციის წინაშე, რომ ქვეყანა რამენაირად მილასლასდეს ადგილობრივ არჩევნებამდე და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა საბოლოოდ ჩაწყდეს.
ვფიქრობ, ყველაფრის მიუხედავად, აშშ-ში ძლიერი ლობის მუშაობა მაინც იქნება საჭირო და ამჟამინდელ ხელისუფლებას ეს აღარ ძალუძს. ამ მხრივ ოპოზიციას ბევრად უკეთესი კავშირები აქვს და პირველი ნაბიჯები გადადგმულია. ტრამპის შვილი, რუბიო, ვოლცი და სხვა გადაწყვეტილებების მიმღებნი სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ, ისევე, როგორც თავად ტრამპმა გაიცნო ის – მართალია, ეს ყველაფერი დერეფნების დონეზე იყო (მადამ ზურაბის ამერიკელები ნეიტრალური ღიმილით შეხვდნენ), მცირე ხნით, მაგრამ მაინც ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ლობისტების ხელშეწყობით მოხდა (ჯო უილსონი ნამდვილად არ არის ჩამოსაწერი ძალა), მანამდე კი თვით საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის ხელშეწყობით. ამ მხრივ ოპოზიციას ვაშინგტონთან კავშირები უკვე დამყარებული აქვს.
თუკი დაფინანსება-შემცირებულმა ოპოზიციამ გაუძლო ცთუნებას, არ შევიდა პარლამენტში და საერთოდ არ გაიფარჩაკა თავი (რაც კარგად ეხერხებათ ოპოზიციონერებს), მაშინ “პანამის ეფექტი”, ჩემი აზრით, გადასწონის “იუსეიდის ეფექტს” – ოღონდ, გარკვეული დრო და მოთმინება დასჭირდება ამას.
გულბაათ რცხილაძე